რეზონანსი
05.07.2023

ძალიან არასამართლიანი და არასწორი გადაწყვეტილებაა, საქართველოს ელჩს მიანიშნო, რომ ქვეყანა დატოვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის დაუჭერს უკრაინელ ხალხს, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას.

„ეს არის არამეგობრული და კონფრონტაციული ნაბიჯი ქვეყანასთან, რომელიც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოა. საქართველო მხარს უჭერდა, უჭერს და ყოველთვის დაუჭერს უკრაინელ ხალხს, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, მსგავსი უსაფრთხოებისა და საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ეს გადაწყვეტილება გაუგებარი და გაუმართლებელია. უკრაინის ხელისუფლება უნდა ცდილობდეს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და პარტნიორი შემოიკრიბოს და მის ნაბიჯები არ უნდა იყოს ორიენტირებული პარტნიორების დაკარგვაზე. რაც შეეხება მიზეზებს და სააკაშვილის ფაქტორს, სააკაშვილის მძევალი არ უნდა იყოს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. სააკაშვილის გარდა არის სხვა ფაქტორებიც და ამ დეტალებზე საუბარს საჭიროდ არ ვთვლი. ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე ჩვენი მხრიდან გავლენას არ და ვერ მოახდენს. საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ უკრაინას ყოველთვის მხარს დავუჭერთ, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რაც შეეხება მხარდაჭერას სამხედრო თვალსაზრისით, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ომის წილში არავის არ ჩავუჯდებით და ყოველთვის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×