რეზონანსი
05.07.2023

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მშობელი წერს, რომ მათ შვილებს სხვადასხვა ტიპის ინფექცია აღენიშნებათ, რაც უმართავი ცხელებითა და საერთო სისუსტით ხასიათდება და ამის გამო, კლინიკაში ხვდებიან. გაუჩნდათ შეკითხვაც, გაზრდილი შემთხვევების ფონზე, ქვეყანაში რაიმე ახალი ტიპის ვირუსი ხომ არ ცირკულირებს.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მშობლებს საჭირო რჩევებს უზიარებს, თუ როდის უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად.

„რაიმე ახალი ტიპის ინფექცია, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა, ქვეყანაში არ ცირკულირებს. ძირითადად, გვხვდება ის ინფექციები, რომლებიც ყოველ წელს, ამ სეზონზეა ხოლმე აქტუალური და მომართვიანობაც, შესაბამისად, იზრდება. ეს შეიძლება იყოს გასტროინტესტინური ინფექცია, ასევე სტრეპტოკოკული ინფექციების, ქუნთრუშას შემთხვევებიც გვაქვს. ცირკულირებს ვირუსული ინფექციებიც, აღინიშნება ჩუტყვავილას შემთხვევები, რომლებიც შედარებით შემცირებულია, თუმცა კვლავ ფიქსირდება. აქტიურია რესპირაციული ინფექციები და ესეც ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ, რომ კლინიკებში მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. აქედან გამომდინარე, რაიმე ახალი ტიპის ინფექცია ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, უბრალოდ სეზონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ინფექციის გავრცელება შემთხვევების შედარებით გაზრდას იწვევს. მშობლებმა კი ის ზოგადი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ, რაც ინფექციური დაავადებების მართვის დროს აუცილებელია. თუ ბავშვს დაავადების მწვავე დასაწყისი, უმართავი, მაღალი ტემპერატურა აქვს, აღენიშნება ღებინება, ძლიერი საერთო სისუსტე, ვერ იღებს სითხესა და საკვებს - ეს არის აუცილებელი ჩვენება, რომ პროცესში სპეციალისტი ჩავრთოთ და მისგან მივიღოთ სწორი რეკომენდაციები. შესაძლოა, პაციენტი აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, ბინაზე იმართოს, ან ექიმმა დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა და კლინიკაში გადაყვანა გთხოვოთ. მნიშვნელოვანია, შევაფასოთ, საქმე ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს, თუ ბაქტერიულთან - შესაბამისად, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობით მალევე, რამდენიმე დღეში უმჯობესდება მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მთავარი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ არის ის, თუ როდის ჩართონ ექიმი პროცესში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადი პრინციპია - თუ ბავშვს უმართავი ტემპერატურა აქვს, ან აღენიშნება ფონური დაავადება, რაც პროცესს კიდევ უფრო ამწვავებს და გართულებების რისკს ქმნის, ან მდგომარეობა არ უმჯობესდება და პირიქით, სიმპტომები კიდევ უფრო მეტადაა გამოხატული, ასეთ დროს აუცილებელია, სპეციალისტს დაუკავშირდეთ და მდგომარეობა შეაფასოთ

", - ამბობს ინფექციონისტი და თან მიმართვიანობის შესახებ საუბრობს.

„მომართვიანობა არის ისეთი, როგორიც ამ სეზონისთვისაა ხოლმე დამახასიათებელი. რაიმე განსხვავებული, ამ ეტაპზე არაფერია. სიმპტომატიკა დაახლოებით, ერთნაირია და როგორც აღვნიშნე, პედიატრთან დროულ მიმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე მწერის ნაკბენით გართულებების შემთხვევებიც ბევრია. მათ შორის, აქტუალურია ტკიპა. ვიცით, რომ ტკიპას სხვადასხვა დაავადება გადააქვთ, თუმცა ძალიან ცუდი პრაქტიკაა, რომ ტკიპის ნაკბენის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებას თვითნებურად იწყებენ. მსგავსი ქცევა გაუმართლებელია. ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება, ეს იქნება პრევენციული დოზის მიღება, თუ კურსის ჩატარება, ამას ექიმი აფასებს და თვითნებურად პაციენტი გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. თუ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს, ან თავად, მოზრდილს, აქვს მწერის ნაკბენი, რომელიც გართულებულია, ამჩნევს, რომ შეშუპებულია, ამავდროულად, აღენიშნება ტემპერატურული რეაქცია, ექიმს უნდა მიმართონ და ის გადაწყვეტს, რა ტიპის მკურნალობა ჩაატაროს", - განაცხადა გოგინავამ.

კითხვზე: თუ რამდენად გაზრდილია ბაქტერიული ინფექციების შემთხვევები? ინფექციონისტი ამბობს, რომ „პრობლემას სხვადასხვა ბაქტერია იწვევს და როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარე სეზონისთვის შედარებით გაზრდილი მომართვიანობა დამახასიათებელია. მათ შორის, ბავშვებში ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი სტრეპტოკოკია. შემდეგ კი გვხვდება სტრეპტოკოკით გამოწვეული ტონზილიტი, ფარინგიტი, ქუნთრუშა თუ სხვა. თუმცა, შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება.

ბაქტერიული ინფექციები ანტიბიოტიკოთერაპიით იმართება. თუ სწორ მკურნალობას არ ჩავატარებთ, შესაძლოა, სხვადასხვა გართულების წინაშე აღმოვჩნდეთ. მათ შორის, შესაძლოა, განვითარდეს ბაქტერიული პნევმონია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, მძიმე ბაქტერიული ინფექცია და ასე შემდეგ. ამიტომ, დროულად განსაზღვრას, საქმე ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს, თუ ბაქტერიულთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ მშობელი საყურადღებო ნიშნებს ამჩნევს, აუცილებელია პედიატრს, სპეციალისტს მიმართოს და სწორი რეკომენდაციები მიიღოს. ინფექცია ბაქტერიულია, თუ ვირუსული, ამის შეფასება დამოუკიდებლად ძალიან გაუჭირდება, რადგანაც დასაწყისი შეიძლება, თავიდან მსგავსი იყოს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ

წყარო: მშობლები,ჯი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×