რეზონანსი
14.07.2023

ნატო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების პირობებში, რუსეთს არანაირი შანსი არა აქვს არა თუ ამ ომის მოგების, არამედ გახანგრძლივებისაც კი, - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი ცუცქირიძე წერს, ერთადერთი რაზეც რუსი და არა მხოლოდ რუსი ექსპერტების ნაწილი აპალირებს, არის ომის ბირთვულ დაპირისპირებაში გადატანა, მაგრამ საკითხავიც ის არის, ასეთი სცენარისას ვინ დაასწრებს პირველი.

„უკრაინას, რომ ვილნიუსის სამიტზე არავინ გააწევრიანებდა ნატოში, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, რადგან სამიტის წინ დასავლურ მედიაში მთავარი აქცენტები შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პერიპეტიებზე უფრო იყო აქცენტირებული, ვიდრე უკრაინის სამომავლო პერსპექტივაზე. ზედმეტი მოლოდინები ჩვენთან ძირითადად ე.წ. მეინსტრიმულმა ოპოზიციურმა მედიამ შექმნა, მისთვის დამახასიათებელი ცრუ მოლოდინების თუ აღქმების სიუჟეტური მიზანსცენებით, ბუნებრივია ცალკეული ექსპერტების მონაწილეობით.

მართალია, მოსაზრება, რომ უკრაინის ნატოში მიწვევა, მე-5 მუხლის ფაქტორიდან გამომდინარე, სამხედრო მოქმედებათა თეატრს უკვე ნატო-რუსეთის გეოგრაფიულ არეალზე გადაიტანდა, მაგრამ ვფიქრობ აქცენტები ბირვთვულ დაპირისპირებამდე მისვლაზე ცოტა გადამეტებულია.

ნატო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების პირობებში, რუსეთს არანაირი შანსი არა აქვს არა თუ ამ ომის მოგების, არამედ გახანგრძლივებისაც კი. ეს არ არის მხოლოდ დასავლეთის სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისი, ამ სცენარს თვით რუსი სამხედრო ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან, იმდენად დიდია ნატოს სამხედრო - ტექნოლოგიური უპირატესობა.

ერთადერთი დღეს რაზეც რუსი და არა მხოლოდ რუსი ექსპერტების ნაწილი აპალირებს არის ომის ბირთვულ დაპირისპირებაში გადატანა, მაგრამ საკითხავიც ის არის, ასეთი სცენარისას ვინ დაასწრებს პირველი? თუ გავითვალისწინებთ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და პირველ რიგში აშშ-ს სამხედრო უპირატესობას ხმელეთზე და განსაკუთრებით ცაში, აქ კოსმოსურ შეიარაღებას ვგულისხმობ, რუსეთს შანსი აქაც მიზერული აქვს.

ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგად თავად რუსებს მოეხსენებათ და არც მათი პოლიტიკური და სამხედრო ელიტაა იმდენად მიამიტი, ეს არ იცოდნენ. ერთადერთი რაზეც დასავლეთი არ წავიდა, ეს არის გლობალური ბირთვული ომის შემთხვევაში არა იმდენად ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიის, არამედ სწორედ რუსეთის ტერიტორიის დიდი ნაწილის არასასიცოცხლო ზონად გადაქცევა, ბუნებრივია, დიდი ადამიანური მსხვერპლით და ზოგადად ჰუმანიტარული კატასტროფითაც, რაც მხოლოდ რუსეთის ტერიტორიით არ შემოიფარგლებოდა. ან რაში სჭირდებოდა დასავლეთს ამ ეტაპზე ზედმეტი თავის ტკივილი, როდესაც შედარებით სუსტი წერტილი, ჩრდილოეთის პერიმეტრზე, შვედეთის და განსაკუთრებით ფინეთის გაწევრიანებით პრაქტიკულად გადაწყვიტა, მათი უსაფრთხოების ერთიან სისტემაში ჩართვით.

ბუნებრივია, ნატოს გაფართოება ამით არ დასრულდება, ჩვენ იმასაც ვნახავთ, რომ არც თუ შორეულ მომავალში უკრაინასთან ერთად საქართველოს ჯერიც დადგება. ოპოზიციის კიდევ ერთი ნარატივი, საქართველო, თუ რატომ არ მიიწვიეს სამიტზე უფრო მაღალი წარმომადგენლობის დონეზე, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრია, ეს იგივე ოპერიდანაა გლობალური რადარებიდან რომ გავქრით", - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×