რეზონანსი
15.07.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია რუსეთთან, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთანო.

„მე ღიმილით ვუყურებდი იმ სიუჟეტებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ თავიდან სურათი წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდა ნატო-ს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რა მოხდა რეალურად რომ ვთქვათ, კითხვა დავსვათ. გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი იქამდე, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დავიწყოთ. ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის ნატო. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა.

ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირი განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო. რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეიქმნას.

„ასეთ ვითარებაში, მეგობრებო, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40 მლნ ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, მის გამო ნატო ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი გაკვეთილია ჩვენთვისაც. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატო-ს და საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრი უბედურება ხდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე საქართველო ღირსეულად წარმოჩინდა.

„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, გავაგზავნეთ საგარეო საქმეთა მინისტრი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ თვითონ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული იმ მთავარ პანელსა და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული. გეტყვით ასევე, ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, საუბარი იყო ვახშამზე. საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი. ხაზგასმით, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო საუბრები და უსაფუძვლო სპეკულაციები", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×