რეზონანსი
17.07.2023

ყველამ კარგად გაიგოს, საქართველო სახელმწიფოა და ეს ერია, არ არის მხოლოდ და მხოლოდ პროექტის ნაწილი, რომელზეც როგორც უნდათ, ისე მანიპულირებენ, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან, უკრაინის რადას რეზოლუციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

ქადაგიშვილის თქმით, „თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს ქართველსაც და მარტო სხვისი თავმოყვარეობის „მფერებლები" არ უნდა ვიყოთ".

„იცით, რომელ პროექტს ვგულისხმობ? როცა სააკაშვილი გყავს შეფარებული მთელ მის დამნაშავე წრესთან ერთად, უმაღლეს თანამდებობებზე გყავს განაწილებული და მერე უშვებ საქართველოში იმისათვის, რომ აქ დესტრუქცია და არეულობა გამოიწვიოს. გამოძიებით მტკიცდება, ვინ იყო ამის ორგანიზატორი და მერე კიდევ იმას აწინაურებ. ეს არ არის იმ ქვეყნის დამოკიდებულება იმ ქვეყანასთან, ვისაც მეგობრობა უნდა, ამის მიუხედავად საქართველო მაინც ინარჩუნებს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია მეგობრობა და მხარდაჭერა. თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს ქართველსაც. მარტო სხვისი თავმოყვარეობის „მფერებლები" არ უნდა ვიყოთ," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის წინდით გადატანის ფაქტთან დაკავშირებით პოლონეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასაც და აღნიშნა, რომ ელჩს „სათანადოდ უნდა ეთქვას, რომ ასეთი ქმედებები აზიანებს ამ პროცესსაც და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას".

„ეს ბადებს ეჭვს, რომ რადგან ხელმოსაკიდი ვერაფერი ნახეს და უნდა გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომ „სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს და სასიკვდილოდ გაწირეს", ამისთვის შეიძლება მანიპულაციურად გამოყენებულიყო ეს არარეგისტრირებული, ჩუმად გატანილი ბიოლოგიური მასალა.

ელჩი დაიბარეს იმიტომ, რომ პოლონეთის მიმართ სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება და მისცეს უფლება, ექიმების ჯგუფი ჩამოსულიყო და სამედიცინო ზედამხედველობა გაეწიათ. როცა ამ კეთილს ნებას ორ სახელმწიფოს შორის გამოხატულს, ვიღაც ასე ბოროტად იყენებს და მთელ ამ პროცესს ასე დიდი ეჭვის და კითხვის ქვეშ აყენებს, რა თქმა უნდა, ელჩი უნდა იყოს ინფორმირებული და მას სათანადოდ ეთქვას, რომ ასეთი ქმედებები აზიანებს ამ პროცესსაც და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, რაც გაგვაჩნია," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×