რეზონანსი
17.07.2023

გლობალური და ლოკალური ომის პარტიის წარმომადგენლები იმიტომ უშვებენ შეცდომებს ჩვენთან მიმართებით, რომ მყარი, გაერთიანებული საზოგადოება ვართ, რომელმაც ერთმანეთის, ჩვენი ქვეყნის არსებული რეალობის და დამოუკიდებლობის დავიჯერეთ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში" „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური და ლოკალური ომის პარტიის წარმომადგენლებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური გუნდი, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

„სხვათა შორის, „ხალხის ძალის" შექმნიდან ერთი წელი სრულდება ახლა, ივლისის ბოლოს. როცა დავიწყეთ კულუარული ინფორმაციების გამოტანა, მხილება სხვადასხვა აქტორისა და მოთამაშის, როცა გლობალური ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაზე დავიწყეთ საუბარი, საზოგადოების ნაწილმა ქილიკი დაიწყო - ესენი ვინ არიან, ალბათ დაკვეთა აქვთ რუსეთიდან და იმიტომ საუბრობენ ასე, რა მეორე ფრონტი და კონსპირაციებიო. ახლა ხომ გამოიკვეთა და გამოჩნდა ყველაფერი? ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა და ვალდებული გავხადეთ ჩვენი თავი, რომ საზოგადოებისთვის ეს გვეთქვა. კანდიდატის სტატუსზე ხომ დავინახეთ, რომ თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, პოლიტიკური აქტიაო? შემაჯამებელმა ანგარიშებმაც ხომ დაგვანახა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა. როცა მხილება მიდის, ყველაფერი აშკარავდება. ახალსაც ვერაფერს ქმნიან. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიდანვე ჩართულნი იყვნენ, ოღონდ კულუარულად და ახლა ზედაპირზე ამოვიდნენ, რადგან ვერავის ვერ დაეყრდნნენ. ხომ ვნახეთ, რომ პოლიტიკური აქტორები გაწიეს ცოტა ხნით და ექსპერიმენტის სახით, არასამთავრობო სექტორი შემოიყვანეს, შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკოსზე დადეს ფსონი - არ იმუშავა; ახლა, ისევ სააკაშვილს მიუბრუნდნენ, ისევ ამ თემის გააქტიურება უნდათ. ვნახეთ ისიც, როგორ სურდათ ახალგაზრდების პროვოცირება. ასევე, იმ მებრძოლების, რომლებიც უკრაინაში არიან. თუ გულწრფელია ამ ქვეყნის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლება, უნდა დაინახოს ის ქმედებები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. მათ შორის, სააკაშვილი შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი და გამოყენებადი ერთ-ერთი აქტორი. ყველაზე მეტად გამოყენებადი ჯაშუში და აგენტი სწორედ სააკაშვილია, რომელიც ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია, პოლიტიკურ პროცესში ძალიან დიდი ხანი იყო და მას უფრო ადვილად გამოიყენებენ ის ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში მათი შეკვეთები უნდა განხორციელდეს.

მარტის მოვლენებიდან დღემდე ანალიზი უნდა გააკეთოს საზოგადოების ნაწილმა და დაინახოს, რასთან აქვს საქმე. ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები. გლობალური და ლოკალური ომის პარტიის წარმომადგენლებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური გუნდი, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. პატარა ქვეყანა ხარ და ამის უფლებას როგორ აძლევ საკუთარ თავს - ასე უყურებენ. სწორედ იმიტომ უშვებენ შეცდომებს ჩვენთან მიმართებით, რომ მყარი, გაერთიანებული საზოგადოება ვართ, რომელმაც ერთმანეთის, ჩვენი ქვეყნის არსებული რეალობის და დამოუკიდებლობის დავიჯერეთ. ხან ანწუხელიძეს, ხან ილია ჭავჭავაძეს და ხან ვაჟა-ფშაველას რომ გვიხსენებენ, მათთვის სწორედ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნოდეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×