რეზონანსი
18.07.2023

„ბანდა" ძალიან სწორად უწოდა „ქართულ ოცნებას" ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ სახელმწიფოს მართვა არ ჩანს, აქ ჩანს პარტია, პარტიული სტრუქტურები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჟონგლიორობენ , - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ტვიტერზე" „ქართულ ოცნების" შესახებ დაწერა, რომ „ესაა პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება".

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" სახელმწიფოს ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მსგავსად სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად პარტიული სტრუქტურებით მართავს.

"„ქართულმა ოცნებამ" ამოწურა ყველანაირი რესურსი, რომ რაიმე ტიპის პროგრესი მოუტანოს ამ ქვეყანას. ძალადობა, მოტყუება, პროპაგანდა... ჩვენ ვხედავთ, რომ მათ სირცხვილი არ აწუხებთ ხოლმე. შეუძლიათ თეთრზე შავი თქვან, არაფრისგან სახელმწიფო გადატრიალება დაგაბრალონ. ასეთი მეთოდები „ქართული ოცნების" ხელწერა გახდა. თუ დააკვირდებით, ვეღარც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების" მართვის სტილზე, ისინი სახელმწიფოს არ მართავენ. „ბანდა" ძალიან სწორად უწოდა მათ ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ სახელმწიფოს სწორად ან არასწორად, ცუდად ან კარგად მართვაზე უკვე ვეღარ ვლაპარაკობთ. სახელმწიფოს მართვა არ ჩანს. აქ ჩანს პარტია, პარტიული სტრუქტურები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჟონგლიორობენ. პარტიული მართვა დამახასიათებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის და ფაშისტური გერმანიისთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოებს პარტიები არ მართავენ, მას მართავენ სახელმწიფო ინსტიტუტები", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2024 წელს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, რადგან „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ქვეყნის „ჩუმი ოკუპაცია" მიმდინარეობს.

„ყველა პოლიტიკური აქტორი სრული სერიოზულობით უნდა იაზრებდეს, რა დევს სასწორზე. ეს არ იქნება ჩვეულებრივი რიგითი არჩევნები. როგორც ევროპულ ქვეყნებში, ერთი პარტია გაიმარჯვებს თუ მეორე დრამატული ცვლილებები რომ არ იქნება, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ცხოვრების ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ ვდგავართ რეალობის წინაშე როდესაც ქვეყნის ჩუმი ოკუპაცია მიმდინარეობს. სადაც გაივლით უკვე დომინანტურად ისმის ოკუპანტის ენა, ხდება მათი მხრიდან უძრავი ქონების შესყიდვა, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, სავიზო რეჟიმიც კი არ არის შემოღებული", - განაცხადა ნაცვლიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×