რეზონანსი
18.07.2023

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა" განაცხადა, ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად, ექიმებისგან დასტური როდესაც გვექნება, რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ჯანმრთელობას როცა ეხება საქმე, ჩვენ დაველოდებით ექიმების რეკომენდაციებს", - განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია.

„მოწადინებული ვართ, ამ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს შესაბამის მდგომარეობაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებაში, ჩვენი სურვილია, მათ ჰქონდეთ სათანადო ჯანმრთელობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი. ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწადინებული იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, ვართ ჩვენ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ის პატიმრობაში იმყოფება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ ჩვენ", - განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ პატიმრის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მაქსიმუმი გააკეთა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი შიმშილობის ეპიზოდები და ექიმებისადმი დაუმორჩილებლობა, რაც, რა თქმა უნდა, აუარესებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებდა, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად თავისუფლება მოეპოვებინა, თუმცა ეს მცდელობები კრახით დასრულდა, როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე მათთვის წარუმატებლად დასრულდა სტრასბურგის სასამართლოში დაყენებული ერთადერთი მოთხოვნა, რომ მომხდარიყო მსჯავრდებულის სამკურნალო მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა", - განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილს შექმნილი აქვს ყველა პირობა, რათა მისი, როგორც პატიმრის, ყველა უფლება დაცული იყოს, რაც სათანადოდ დადასტურდა, როგორც საზოგადოებისთვის, ისე სასამართლოებისთვის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰყავთ თუ არა სხვა პატიმრებს იგივე რაოდენობის ვიზიტორები, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სხვა პატიმრები ასეთი დოზით არ სარგებლობენ შეხვედრის უფლებით.

შეკითხვაზე, „არის თუ არა ეს განპირობებული ე.წ. პოლიტიკური შლეიფით, რაც ამ საქმეს მოჰყვება", - ბრეგაძემ უპასუხა: „სააკაშვილი ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს, იყოს აქტუალური პოლიტიკურ დღის წესრიგში. ის დღეში რამდენჯერმე ხვდება მათ შორის, ადვოკატებს და ეს ადამიანები ასრულებენ არა უშუალოდ რამე სახის პროცესუალურ მოქმედებას, არამედ ფაქტობრივად, არიან ამბის გამტან-გამომტანები. კარგად მოგეხსენათ, ფაქტობრივად ყოველდღე, ამ ადამიანის „ფეისბუკზე" განთავსდება ხოლმე სხვადასხვა სახის პოსტი და შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ის ფაქტობრივად, კლინიკა „ვივამედიდან" პოლიტიკურ აქტივობას ეწევა.

მისივე თქმით, „სამინისტროს აბსოლუტურად თანაბარი დამოკიდებულება აქვს ყველა პატიმრის მიმართ და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არცერთ პატიმარს არ შეზღუდვია რამე უფლება, მაგრამ ამ ერთი ადამიანის მიმართ განსაკუთრებული აჟიოტაჟია ატეხილი, რაც ემსახურება თავისუფლების უკანონოდ მოპოვების მცდელობას, სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას და საზოგადოების ტერორიზებას".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×