რეზონანსი
19.07.2023

სამდღიანი ძებნის შემდეგ ზესტაფონში, სოფელ ქვემო საზანოში, მდინარე ძუსაში გაუჩინარებული 18 წლის თორნიკე მესხი იპოვეს.ლამაზი, ყველას საყვარელი ბიჭი, ერთი შეხედვით, მშვიდ მდინარეში თავადაც მშვიდად შევიდა საბანაოდ, სოფელში მდინარის ეს მონაკვეთი საბანაოდ მიიჩნევა, სადაც ახალგაზრდობა ხშირად დადის, მაგრამ, წინა დღის კოკისპირულმა ნაწვიმარმა ყველაფერი საბედისწეროდ შეცვალა: მდინარე ოდნავ ადიდებული იყო. მართალია, არცთუ ძალიან, მაგრამ ამ სიტუაციაში ესეც საბედისწერო აღმოჩნდა. ამ ადგილიდან არცთუ შორი მანძილის გავლით, მდინარე ძუსა სამცვერას ჩანჩქერს უერთდება, რის გამოც ერთ მონაკვეთში მცირე მორევია შექმნილი, სადაც წყალი ადგილზე ტრიალებს. ამ წყლის მორევმა თორნიკეს გამოცურვის საშუალება არ მისცა, ჩანჩქერისაკენ წაიღო და ბიჭი წამებში გაუჩინარდა. ნაპირზე დარჩენილი მისი მეგობრების გამოძახებული მაშველი სწრაფად მოვიდა, მაგრამ ვერაფერს გახდა.

ჩვენი თორნიკეს შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო, მაგრამ მხოლოდ მისმა ნაცნობებმა ვიცით რა ბიჭი დავკარგეთ. ანგელოზი იყო თავისი სიყვარულით სავსე გულით. წელს დაამთავრა სკოლა ზესტაფონში, ვერც მის სკოლაში, ვერც საერთოდ, მის გარშემო ვერ ნახავთ ვერავის, ვინც თორნიკეზე იტყვის, რომ თუნდაც ერთხელ აწყენინა. ცხოველებიც იმდენად უყვარდა, რომ ქუჩაში მიტოვებულ ლეკვსავ ვერ ჩაუვლიდა გულგრილად და საპატრონოდ მიჰყავდა. ვერ ვხვდებით, არ ვიცით, ასე რატომ მოტრიალდა მისი ბედისწერა.

რადგან წინა დღეს წვიმდა, თორნიკე და მისი მეგობრები ხეობაში იმ განზრახვით წავიდნენ, რომ არ იბანავებდნენ, არამედ უბრალოდ ბუნებას ნახავდნენ. როგორც ჩანს, მდინარე ისე ადიდებულიც არ იყო, რომ თორნიკეს იქ ბანაობა ვერ გაებედა. თუმცა, შეცდა. ნაწვიმარის შემდეგ მდინარე ყოველთვის საშიშია. შეიძლება ამ დროს მდინარეის წყალი სათავესთან რაღაც ჩიხში იყოს დაგუბებული და ტალღა იმდენად მოულოდნელად მოვარდეს, რომ ადამიანი დაახრჩოს. როგორც ჩანს, თორნიკემ ეს არ იცოდა. რატომ არ იცოდა, სხვა თემაა.

უფროსი თაობის წარმომადგენელი ვარ და ძალიან კარგად მახსოვს, რომ უსაფრთხოების ზომებს სკოლაში გვასწავლიდნენ. გევეუბნეოდნენ, რომ ნაწვიმარზე არც ზღვაში და არც მდინარეში საბნაოდ შესვლა არ შეიძლება, მით უფრო, როცა მდინარის რაღაც მონაკვეთში ჩანჩქერია. ახლა კი ეს წესები სრულიად დავიწყებულია და ვხედავთ, რა უბედურებებიც ხდება. ძუსას ხეობაში ჩვენ ჩანჩქერი გვაქვს, რომელსაც უამარავი ხალხი სტუმრობს და მით უფრო უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები გამოცხადებული.

ჩვენ მართლა დავიღუპეთ, უკეთესზე უკეთესი ბიჭი დავკარგეთ, რომელიც სამი დღე ვერავინ იპოვა. ჩანჩქერს ჰყავდა წაღებული. ეს ხომ ცალკე საშინელებაა. გამძლეობას ვუსურვებ მის დედ-მამას თუ შეძლებენ რა თქმა უნდა. მათ შვილი კიდევ ჰყავთ, რომელსაც ზრუნვა სჭირდება", - უთხრა "კვირის პალიტრას" ოჯახის ახლობელმა.

წყარო: „კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×