რეზონანსი
26.07.2023

საქართველოში დაზღვევის კულტურა ნელი ტემპებით, თუმცა მაინც ვითარდება, რასაც მიმდინარე წლის პირველი თვეების წინასწარი მონაცემებიც ადასტურებს, სადაც ჯანმრთელობის და ავტომობილის სადაზღვევო პოლისების რაოდენობა დაახლოებით 10%-თაა გაზრდილი, თუმცა ქონების მიმართულებით პროგრესი არ არის.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვითარდება და სახელმწიფო ბევრ კარგ ნაბიჯს დგამს, თუმცა არ ხდება დაზღვევის სისტემაში კერძო კომპანიების ჩართვა. დიდი შეცდომაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე კერძო პაკეტის დაშენების უფლება ყველა მოქალაქეს არ აქვს, შედეგად კი ის სახელმწიფო ხარჯები, რომლებიც არა საყოველთაო, არამედ რეფერალური პროგრამით იფარება, სულ უფრო იზრდება.

„ვერ გეტყვით, რატომ არ დგამს სახელმწიფო ნაბიჯებს დაშენებული პაკეტის მიმართულებით, რადგან ეს მისთვის სრულიად უმტკივნეულო იქნებოდა და დამატებითი ხარჯების წარმოშობას არ გამოიწვევდა. საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში სამინისტრო კარგად მუშაობს, მაგრამ შეცდომაა, როცა ის თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს რომ ასე არაა, ამას ისიც მოწმობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის სერვისების დაყოფა მოუწიათ შემოსავლების მიხედვით. თუმცა აქაც პრობლემაა - მაგალითად, თუ ადამიანის წლიური შემოსავლები 40 ათას ლარს აჭარბებს, მას საყოველთაო ჯანდაცვა არ ეკუთვნის, ხოლო თუ ის კერძო დაზღვევის შეძენაზე უარს ამბობს, შესაძლოა დადგეს შემთხვევა, როცა ძვირადღირებულ მკურნალობას ვერ გაწვდება.

სადაზღვევო კულტურა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით და მოწოდებებით ვერ ამაღლდება, ეს უნდა არსებობდეს რეგულატორულად - უნდა წავიდეთ სტანდარტული პაკეტის შექმნისა და დასაქმებულებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების გზით, რაც არაპოპულარული გადაწყვეტილებაა და საშუალო პაკეტის გაძვირების ეშინიათ, რადგან ადამიანები შეეჩვივნენ ჯანდაცვის უფასო სერვისების მიღებას. უფასო კი არაფერი არსებობს“, - განუცხადა "ჯანდაცვას" ხეჩინაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ადამიანები დაზღვევას უყურებენ არა როგორც დიდი რისკების მართვის მექანიზმს, არამედ მაგალითად მედიკამენტების ან სტომატოლოგიის ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×