რეზონანსი
26.07.2023

ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირისთვის, მურად თავართქილაძე და ედგარ აბასოვი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სავარაუდო დამნაშავეები კახეთსა და ქვემო ქართლში მასშტაბური სპეცოპერაციებით აიყვანა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველებმა ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკა, იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მეხსიერების ბარათები, რომელზეც სავარაუდოდ დაგეგმილი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია ინახება. მასალას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შიფრავს.

მურად თავართქილაძე სასჯელს წარსულშიც იხდიდა. "კურიერის" ინფორმაციით, თავართქილაძე აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში, მათ შორის ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ისლამური სახელმწიფოს წევრებთან თურქეთსა და სირიაში. მეზობლებმა მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იციან. დანაშაულთან დაკავებულის კავშირს გამორიცხავს მურად თავართქილაძის მეუღლე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავართქილაძის და აბასოვის მიმართ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს სავარაუდოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ამ მიზეზით, საქართველოს დატოვება შეეზღუდა მურად თავართქილაძეს, რომელიც ქვეყნიდან წასვლას რამდენიმე თვის წინ ცდილობდა. ეს ინფორმაცია მისი ადვოკატისთვისაც ცნობილია.

დაკავებულებს ბრალი სუს-ის იზოლატორში გააცნეს. ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატების ინფორმაციით, თავართქილაძე და აბასოვი ერთმანეთს იცნობდნენ.

ტერორისტულ ორგანიზაციასთან სხვა მოკავშირეების დადგენის მიზნით, უსაფრთხოების სამსახური ძიებას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

მურად თავართქილაძის და ედგარ აბასოვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მძიმე სასჯელი ელით.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×