რეზონანსი
04.08.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დაკარგულთა ოჯახის წევრების სტიქიის ზონაში შეყვანა ხვალ მოხდება.

როგორც მღებრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ხვალ დილიდან თავდაცვის სამინისტროს 200 თანამშრომელი მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება.

„ამ დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დღეს, პროზექტურაში 11 ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა. გარდა ამისა, დღეს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა სტიქიის ზონაში. გავაცანით არსებული მდგომარეობა, დაიგეგმა მომავალი სამოქმედო გეგმა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ხვალ დილიდან თავდაცვის სამინისტროს 200 თანამშრომელი მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩაერთვება სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში, გარდა ამისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკის საშუალებით, მოხერხდა ლოკაციების გადალახვა, რომელიც აქამდე ვერ ხერხდებოდა. ხვალ დილიდან უფრო ფართო მასშტაბებით, დავიწყებთ ძებნა-შველის ღონისძიებებს.

დღეს შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებთანაც ჯერ კიდევ ვერ ხერხდება დაკავშირება. ჩვენ მათ დეტალურად მოვახსენეთ და განვუმარტეთ თუ რა სახის სამუშაოებს ვატარებთ. დღეს ფიზიკურად ვერ მოესწრო ოჯახის წევრების სტიქიის ზონაში შეყვანა და ჩვენ ამ ყველაფერს ხვალისთვის გავაკეთებთ, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ თუ რა მდგომარეობაა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ჯგუფი დღის განმავლობაში, შტაბში რამდენჯერმე იკრიბება.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება, მღებრიშვილი პასუხობს, რომ ამ ადამიანების რიცხვი არ გაიზრდება, პირიქით, შეიძლება შემცირდეს.

„იმ 25 ადამიანის, რომელთანაც დღემდე ვერ მოხერხდა დაკავშირება, შეიძლება ითქვას, რომ რიცხვი არ გაიზრდება. პირიქით, უფრო შემცირდება",- აღნიშნა მან.

კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი აღჭურვილობა, ცოცხალი ძალა, იმისათვის რომ სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს, მღებრიშვილის თქმით, უფრო მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება საჭირო იყოს ძებნა-შველისთვის.

„ვერტმფრენების რაოდენობა, ცოცხალი ძალის რაოდენობაც საკმარისზე მეტია. ხელს რაც გვიშლის არის მიწის დიდი მასა, რომელიც გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევს",- განაცხადა მღებრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×