რეზონანსი
04.08.2023

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა, ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის 50 ათასამდე მეწყრული უბანია დაფიქსირებული და სამი ათასი ღვარცოფული წყალსადინარი. ძალიან დიდ ქვეყნებსაც კი გაუჭირდებოდათ, რომ ყველგან მოხდეს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სრულად ვიყოთ დაცული

მისი თქმით, საქართველო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს წარმოადგენს.

„ორი დღეა პრაქტიკულად არ გამოვსულვართ სტიქიის ზონიდან. რამდენჯერმე შემოვიარეთ ხეობა როგორც ვერტმფრენით, ვიზუალურად დავათვალიერეთ, ასევე ინსტრუმენტული მონიტორინგი ჩაატარეს ჩვენმა გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა და შემიძლია განვაცხადოო, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარების ჩასახვა-გააქტიურების საკითხი არ დგას. რისკი ძალიან დაბალია.

ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ზოგადად საქართველო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს წარმოადგენს. ქვეყანაში დაფიქსირებულია სხვადასხვა მასშტაბის 50 ათასამდე მეწყრული უბანი და სამი ათასი ღვარცოფული წყალსადინარი. ძალიან დიდ ქვეყნებსაც კი გაუჭირდებოდათ, რომ ყველგან მოხდეს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სრულად ვიყოთ დაცული, თუმცა ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით და ეს სამუშაოები სწორედ გამიზნულია პირველ რიგში ადამიანების დაცვაზ, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვაზე. ასე ვთქვათ, პრიორიტეტებად არის დაყოფილი, თუმცა როგორც სხვა ქვეყნები, ჩვენ ამ სტიქიებს ვერ ავიცილებთ. 24 საათით, 48 საათით ადრე იციან ამერიკაში, გერმანიაში, ფილიპინებზე, იაპონიაში, ისტიქიას ელოდებიან და მსხვერპლი მაინც აქვთ

მთავარია ადაპტაციის საკითხი, ჩვენ მოქალაქეებმა, უწყებებმა, გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა უნდა ვიზრუნოთ ადაპტაციაზე. მაგალითად, არ უნდა დავსახლდეთ ჭალა-კალაპოტის ზონებში, არ უნდა დავსახლდეთ ღრმა მეწყრული სხეულების არეალებში, ეს ყველაფერი ცნობილია გეოლოგებისთვის, ჰიდროლოგებისთვის. შესწავლილია მთელი ტერიტორია. წელს დაიდება ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუკა. საქართველოში არ გაკეთებულა მსგავსი შინაარსის რუკა. დასავლეთ საქართველო პრაქტიკულად დასრულებულია აღმოსავლეთი სრულდება, საოფისე სამუშაოებია დარჩენილი, თბილისის რუკაც განახლებული გვექნება. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქცენტი აღებული აქვს მონიტორინგული სადგურების ინსტალაციაზე, რაც წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ისეთ ლოკაციებზე, სადაც ეს რეალურად მოგვცემს შედეგს", - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×