რეზონანსი
10.08.2023

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული აქტია, რომელსაც პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე და ის არ ექვემდებარება არც ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. მსგავსი სახის კრიტიკულ განცხადებებს კი ადმინისტრაცია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ წარმართული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე.

როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე.

ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას.

რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით." ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×