რეზონანსი
12.08.2023

საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია - აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სამშენებლო ნარჩენი და ძველი ავეჯი ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში.

თბილისის მერიის ცნობით, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია მსგავსი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

სამშენებლო ნარჩენების მხრივ დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა დავით ფაჩულიამ მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქციაზე ისაუბრა. გზისპირას არსებული ტერიტორია, როგორც ინერტული, ისე, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში თანამშრომლებთან ერთად დავით ფაჩულიაც ჩაერთო.

„გლდანის პოლიგონზე ინერტული ნარჩენის განთავსების ტარიფები არის ეკონომიური, ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან" ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. პოლიგონზე ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში დავტოვოთ სამშენებლო ნარჩენი, დავაბინძუროთ, დააზიანოს ჩვენი ნაგავმზიდი მანქანები, რომელიც ისევ დედაქალაქს ემსახურება", - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

უწყების ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა ინერტული ნარჩენი ჩუღურეთის რაიონში კიდევ 15-მდე ლოკაციიდან გაიტანეს. მსგავსი დასუფთავების სამუშაოები თბილისის ყველა რაიონში მიმდინარეობს.

მათი ცნობით, გლდანის პოლიგონზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×