რეზონანსი
21.08.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია განცხადების შეტანა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს აუდიტის სამსახურსაც და ანტიკორუფციულ ბიუროსაც.

„მე ვიცი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია ამ ქვეყანაში, ეს არის წყალგაუვალი ჭეშმარიტება. ნებისმიერი ლიდერი, ნებისმიერი პარტია უნდა ემორჩილებოდეს ნაციონალურ კანონმდებლობას. ეს არ არის საარჩევნო კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მოტანილი თემა.ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის ხანაშია დანერგილი პრინციპი, რომ გამორიცხულია ქვეყნის გარედან შემოტანილი სახსრებით და საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობა. ეს ჩვენი დანერგილი არაა. ვფიქრობ, აქ უკვე მრავალი წელია, კანონმდებელმა პასუხი გასცა წუხილს, რომელიც საზოგადოებაში იყო. არც ერთი ქვეყნიდან, არც ერთი გაუკუღმართებული გზით შემოსული არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის გამორიცხული და ეს ასე იქნება ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება ამ ორგანიზაციის მიერ განცხადების შეტანას, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია განცხადების შეტანა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს აუდიტის სამსახურსაც და ანტიკორუფციულ ბიუროსაც, რომლის მოვალეობაა პირველი სექტემბრიდან ამგვარ საქმეებზე შესაბამისი მოკვლევის ჩატარება. მგონი, ამ ქვეყანაში ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ სოკოებივით მომრავლდა ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამგვარი ორგანიზაციების ანგარიშებზე უამრავი თანხა ირიცხება და შემდეგ ეს თანხები საარჩევნო და პარტიულ მიზნებს ხმარდება“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×