რეზონანსი
03.09.2023

11 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება, - ამის შესახებ ინფორმაცია ცესკო ავრცელებს.

„განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ტარდება. რეფორმის თანახმად სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად (საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), აღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს საუბნო საარჩევნო კომისიების კიდევ უფრო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.

სასერტიფიკაციო გამოცდების განხორციელების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპლექსური სამუშაოები ჩაატარა. მათ შორის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მსურველებს შესაძლებლობა ჰქონოდათ მათთვის სასურველ ლოკაციაზე ჩაებარებინათ გამოცდა. შემუშავდა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები, რომლებიც გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯერ კიდევ 25 მაისიდან იყო საჯარო და მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მას როგორც ცესკოს, ისე სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.

გამოცდები ორ ეტაპად სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება. შესაბამისად, მათ, ვისაც გამოცდის ჩაბარება სექტემბერში სურთ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2-დან 8 სექტემბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration.cec.gov.ge, ან ამავე პერიოდში მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მცხეთა, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, შუახევი.

ოქტომბერში გასამართ გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა კი რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration.cec.gov.ge, ან მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო. უშუალოდ გამოცდები კი 25 ოქტომბრიდან დაიწყება.

სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით და მისი ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

გამოცდების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც შესაბამის ვადებში გაივლიან აკრედიტაციას აღნიშნული საქმიანობისთვის.

გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების გარდა საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში ასევე განახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×