რეზონანსი
05.09.2023

თბილისში ორ დღეში ჟოზეფ ბორელს ელოდებიან - ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის ვიზიტს "ქართულ ოცნებაში" აფასებენ. მათი შფასებით, ბორელის ვიზიტი დიდი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული საქმიანობის შესახებ ევროკომისარს მიაწოდონ ინფორმაცია.

"ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთან უმაღლეს დონეზე გვქონდეს ჩვენ განხილვები და დისკუსიები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს თემებზე, ასევე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენს რეგიონში, გამოწვევებზე და ზოგადად, თუ როგორ ვხედავთ ევროკავშირთან ურთიერთობებს, რა მოლოდინები გვაქვს. ეს ვიზიტი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მივაწოდოთ ევროკომისარს ინფორმაცია ჩვენს მიერ გატარებული საქმიანობის და ნაბიჯების შესახებ, რაც უკვე განხორციელდა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის.

მოველით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება შესაბამისი შეფასებები საქართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, ზოგადად, მხარდაჭერა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აქვს დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

მმართველ გუნდში ასევე მიაჩნიათ, რომ ბორელის ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური ნიშნები იკვეთება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბორელის ვიზიტის მიზანი ბოლო გაფრთხილებაა, არ არის დამაჯერებელი.

"ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, რასაკვირველია ნიშნავს დასტურს იმისა, რომ პოზიტიური განწყობის ნიშნები შეიძლება აქ იკვეთებოდეს. ეს უდაოდ ასეა, მაგრამ არ მინდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ ერთხელ ავხსნათ და დავასაბუთოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა ის კრიტერიუმი დაკმაყოფილებული, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გაბედულად ითქვას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

არ არის დღეს ის ეპოქა, როდესაც ჩასვლითა და მსგავსი ვიზიტებით გაფრთხილებები ხორციელდება. ოპოზიციის ასეთ განცხადებებს აკლია დამაჯერებლობა, მაგრამ ყველაზე მეტად დასანანი ის გახლავთ, რომ ეს გარემოებაც გამოიყენება იმ მიზნით, რომ რაღაცა ფორმით დააზიანონ ის დებულება, რომელიც მთავარი წინაპირობაა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, რომ დააზიანონ ის მოსაზრება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომ საქართველოს აქვს ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული, რომლის მიხედვითაც მას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, თბილისში ორ დღეში ჟოზეფ ბორელს ელოდებიან. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი პრემიერს და პრეზიდენტს შეხდება. დაგეგმილია ასევე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრთან, დეპუტატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×