რეზონანსი
06.09.2023

მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააინფიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც განხორციელდება შემდეგი სქემა - ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს აირჩევა 5 წლის ვადით ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, კვორუმი იზრდება და იქნება 3/5, ანუ 90 ხმაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი წარმოგიდგენთ ახალი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტს. მოგეხსენებათ, რომ დასკვნით ეტაპზეა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელება. წელიწადზე მეტია მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა ძალიან აქტიური პროცესი საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა საკითხზე, საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ვიცით ისიც, რომ სხვადასხვა პუნქტთან მიმართებაში არის ძალიან პოზიტიური დასკვნები, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ არცერთი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს, როდესაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ევროკომისიის მიერ წინასწარი დასკვნის დადება, რის საფუძველზეც დეკემბერში საქართველომ სამართლიანად, დამსახურებულად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ როგორც გახსოვთ, ზაფხულში მოხდა შუალედური შეფასება 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების, რომლის საფუძველზეც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვა დამატებით საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ გასული წლიდან მოყოლებული, 2022 წლის ბოლომდე, მმართველი გუნდის ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობდა საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელშიც რადიკალები ხელოვნურად არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ მივიღეთ ძალიან პოზიტიური დასკვნა, ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიისგან, ასევე გავითვალისწინეთ მაქსიმალურად ჩვენი ოპონენტების მხრიდან წარმოდგენილი წინადადებები, რის საფუძველზეც 2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა ძალიან მაღალი კონსენსუსით და ფართო მხარდაჭერით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში", - აღნიშნა მიქანაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, მთავარ გამოწვევად დარჩა ის, რომ პრეზიდენტთან არსებული ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის კონკრეტული მექანიზმი ჩიხურ პროცესში იყო შესული და პროცესი წინ ვერ მიდიოდა.

„სწორედ ამან გვიბიძგა იმისკენ, რომ მმართველმა გუნდმა შესთავაზა საზოგადოებას, უფრო ღია, გამჭვირვალე, ჩართულობაზე ორიენტირებული კონკრეტული სქემა, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევამ პარლამენტში გადმოინაცვლა პრეზიდენტის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით. ჩვენ მივიღეთ ცვლილებები ამ საკითხთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ ვეტოც დავძლიეთ, თუმცა ჩვენთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთი ის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს და განხორციელდეს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ვაკანტური წევრების შერჩევა, მაქსიმალური გამჭვირვალეობით, რადგან წელიწადზე ოდნავ მეტი დარჩა არჩევნებამდე, საკმაოდ ბევრი საორგანიზაციო საკითხია გასატარებელი. ამ პროცესებს სჭირდება სრულად გამართული, მოქმედი და უფლებამოსილი ცესკო და შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შუალედურ შეფასებაშიც იყო კონკრეტული მოსაზრებები გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააინფიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც განხორციელდება შემდეგი სქემა - ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს აირჩევა 5 წლის ვადით ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, კვორუმი იზრდება და იქნება 3/5, ანუ 90 ხმაზე იქნება ორიენტირებული. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმის დაგროვება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი არის 76 ხმა და ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება შესაბამისი კანდიდატებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმაც ვერ იქნა ორგანიზებული, წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, ეს საკითხი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და საქართველოს პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, თუ რომელი დანიშნოს სიიდან ცესკო-ს თავმჯდომარედ, თუ ცესკო-ს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე", - განაცხადა მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×