რეზონანსი
11.09.2023

არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძის თქმით, რეალურად, დასავლეთს ისინი ებრძვიან, ვინც “ნაცფაშისტური რეჟიმის” დასავლური ღირებულებების მოდელად წარმოჩენას ცდილობს. დასავლეთი კი საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაწყვეტს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს.

„ვინ ესხმის თავს დასავლეთს?

ცნობილია, რომ ქართული ოპოზიციის სხვადასხვა შტოები ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარად აფასებს. ძირითადად მათ შეფასებებში 3 პოზიცია შეინიშნება:

1. ხელისუფლება “პრორუსული” ძალაა (ამ ბოლო ხანებში ტერმინი „პრორუსული“ შეიცვალა ტერმინით „რუსული“), რის გამოც ის ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს;

2. მართალია, ხელისუფლება “რუსული” ძალაა, მაგრამ მას უნდა რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ქულები ჩაიწეროს, ამით ძალაუფლება შეინარჩუნოს და განაცხადოს - რუსული ხელისუფლება რომ ვიყოთ, სტატუსს ხომ არ მოგვცემდნენო?

3. მთავარი სტატუსის მიღება კი არ არის, არამედ ამ ხელისუფლების მოცილებაა, რადგან სტატუსი საშუალებაა და არა მიზანი ევროპულ ოჯახში შესვლისთვის, ხოლო რადგან ქართული ხელისუფლება თავისუფალი სამყაროს "წინააღმდეგ" გამოდის, ეწევა მის "დისკრედიტაციას", მათი წარმომადგენლების კრიტიკას ბედავს და ისეთი თავხედია, რომ მათ უმაღლეს წარმომადგენლობას შეკამათებასაც კი უბედავს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უნდა სტატუსი მოგვცენ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო მაინც ვერ შევა ევროპულ ოჯახში, ანუ ოპოზიციის გახელისუფლების გარეშე საქართველოს დაღუპვა გარდაუვალიაო.

ოპოზიციის კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც ყველა ანტიდემოკრატიული რეჟიმის თუ მოძრაობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს, არის მტრის პერსონიფიცირება, მტრის ხატის შექმნა, ყველა ბოროტების საწყისად მისი წარმოჩენა და ხალხის დარწმუნების მცდელობა იმაში, რომ ამ დემონიზებული ადამიანის მოშორებით ყველა პრობლემა გადაწყდება.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური აზროვნება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ისევ ერთ ადგილას ბუქსაობს. იმ დროიდან მოდის ეს ლოზუნგი:

„ყველა მინუს ერთი!“

დღეს ბიძინა ივანიშვილის დემონიზაციის ყოველდღიური მცდელობისას გვესმის მისი „ოლიგარქობის“ ყოველდღიური პროპაგანდა, ხოლო ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ ეპითეტები: „ივანიშვილის კლოუნები“, „მარიონეტები“, „პოლიტიკური არარაობები“ და ა.შ, რათა ხაზი გაუსვან, რომ „ბოროტების სათავე“ ის ადამიანია, რომლის საშუალებითაც მოხერხდა სიკეთისა და ბედნიერების მომტანი „დემოკრატიის შუქურის“, ანუ ნაცრეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

ეს ყველაფერი ჩვენი ოპოზიციის საბჭოური აზროვნების ნაყოფია, ვინაიდან, მარქსის მიერ შემოტანილი, ლენინის მიერ დამკვიდრებული და კომუნისტების მიერ ექსპლუატირებული ტერმინი „ოლიგარქი“, მათ მიერ დღესაც პროპაგანდის იარაღად გამოიყენება.

გარდა ამისა, როგორც ბოლშევიკებისთვის ხელშეუხებელ სიწმინდედ ითვლებოდა ეჭვის შეტანა „კომუნიზმის მშენებლების“ გარდაუვალობაში, მათ მსგავსად ჩვენი დღევანდელი ოპოზიციისთვისაც წარმოუდგენელ მკრეხელობად ითვლება კითხვების დასმაც კი ნატოს, ევროკავშირისა და ზოგადად, დასავლეთის პოლიტიკის მიმართ.

ყველა, ვისაც მოგვიწია „დიად საბჭოეთში“ ცხოვრება (განსაკუთრებით კი ვინც ვებრძოდით საბჭოურ რეალობას) აშკარად ვხედავთ დღევანდელი ქართველი „მედასავლეთეების“ მსგავსებას კომკავშირელ აქტივისტებთან.

ოპოზიციის მიმართ, დასავლეთის გავლენიანი ძალების, მხარდაჭერა, არ ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს დასავლური ღირებულებების მხარდაჭერასთან.

მე-20 და 21-ე საუკუნეების ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, როდესაც დასავლეთის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნებში მხარს უჭერდნენ ანტიდემოკრატიული რეჟიმების გამარჯვებას და გაძლიერებას. მათ მიაჩნდათ, რომ იმ მომენტში ეს შეესაბამებოდა მათი სახელმწიფოების პოლიტიკურ ინტერესებს.

წარსულში, დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების პირველ წლებში ფაშისტების მიმართ გამოხატული მხარდაჭერა რომც დავივიწყოთ, სურათის დასანახად გავიხსენოთ ბოლო ნახევარ საუკუნეში დასავლეთის მიერ ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების დიქტატორების მიმართ გამოხატული მორალური, მატერიალური და სამხედრო დახმარება.

ამიტომ როდესაც ჩვენი ოპოზიციონერები სიამაყით აცხადებენ, რომ დასავლეთი მათ პოზიციებს იზიარებს და სწორედ მათ ეძახის „დემოკრატიის შუქურას“, ასეთ შემთხვევაში მთავარია გავიგოთ, რომ დასავლეთის სახელით მოლაპარაკე პოლიტიკურ ჯგუფებს ამოძრავებს არა დასავლური ღირებულებები, არამედ საკუთარი მერკანტილური ინტერესები. ასე რომ, ვინც რაც არ უნდა ამტკიცოს, დასავლეთი სწორედ საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს და არა ჩვენი ხალხისადმი თუ ხელისუფლებისადმი დადებითი თუ უარყოფითი განწყობის საფუძველზე.

აქედან გამომდინარე, დასავლურ ღირებულებებს და დასავლეთისადმი კეთილგანწყობას საქართველოში რეალურად სწორედ ისინი ესხმიან თავს, რომლებიც ცდილობენ ნაცფაშისტური რეჟიმის დასავლური ღირებულებების მოდელად წარმოჩენას და ამ ანტიდასავლური ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას და რეაბილიტაციას”, - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×