რეზონანსი
11.09.2023

მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით, მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება, სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში - 15, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, გეოლოგების მიერ ორი დღის მანძილზე შემოწმდა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების ცხრა უბანი. მისივე განცხადებით, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.

„დღეის მდგომარეობით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო ჩართული. ჯამში, უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი.

ასევე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში გადაყვანილია 110 მოქალაქე. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი საუშაოები. აღდგენილია როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით გადაადგილება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სასმელი წყალი ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას უკვე სრულად მიეწოდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო 8 000 აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი, ხოლო ლანჩხუთში, სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 000 აბონენტი და დღეის მონაცემებით, დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლოს 200 აბონენტს აღუდგება ელექტროენერგია.

რეგიონებიდან, მუნიციპალიტეტებისა და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს. პროცესი გაგრძელდება, სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს. დავითვლით სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო.

რაც შეეხება გაზს, სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთსა და ლანჩხუთში გათიშული იყო 3 627 აბონენტი. დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში. ამის შემდეგ კომპანია „სოკარი" აღადგენს გაზის მიწოდებას.

ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგად ჯამურად დაზიანებულია 100 ხიდი და მილხიდი. ეს მდგომარეობაა. მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, მაშველებს, ყველა კომპანიას, სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ ხელისუფლებას.

ჩვენი დეპუტატები, პარლამენტის წევრები, პარტიის ხელმძღვანელობა ადგილზე იყვნენ ჩასული. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ჩვენს ხალხს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×