რეზონანსი
11.09.2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მოსახლეობას „ანგარიშს პირნათლად" აბარებს.

მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერი საზოგადოებას დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.

„თუმცა უფრო დეტალურად ამ ინფორმაციის შესახებ დღესვე მოგახსენებთ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. მე პირადად არ შემიკვეთავს, არ მისარგებლია ჩარტერული რეისით. ეს ჩემი არჩევანია, მე შეიძლება შესაძლებლობა მქონდეს, შეიძლება შესაძლებლობა არ მქონდეს, შეიძლება საჭიროება ან სურვილი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში მე ამისი საჭიროება ან შესაძლებლობა არ მქონია და არ შემიკვეთავს, მაგრამ ეს არ არის არანაირად კავშირში იმასთან, რაზეც თქვენ აპელირებთ და რაზეც საუბარი იყო, კერძოდ, როცა პრემიერის კონკრეტულ შეკვეთაზე საუბარი იყო. ამასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოება მიიღებს.

ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი, ანგარიშვალდებული და ჩვენ მოსახლეობას ამ ანგარიშს პირნათლად ვაბარებთ. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში დაისვა კითხვა, მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის, პრემიერიც ძალიან დეტალურად, ამომწურავად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, ის კითხვას საზოგადოებაში არ დატოვებს, არა იმიტომ, რომ ამას ოპონენტები აყენებენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩეველს პატივს ვცემთ. განსხვავებით იმისა, რაც ხდებოდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც დღეს რაღაცებზე აპელირებენ, ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ახდენდნენ თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილებას, მაგრამ ასეთი არცერთი ფაქტი არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ესეც ძალიან მკაფიოდ იქნება საზოგადოებისთვის განმარტებული. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ოპონენტები ალბათ, როგორც წინა ბევრ შემთხვევაში აგორებენ ვითომ სკანდალს, მერე თვითონვე აღმოჩნდებიან ძალიან უხერხულ სიტუაციაში, იმიტომ, რომ მათი მხრიდან ე.წ. სკანდალური ინფორმაცია ეფუძნება უბრალოდ ტყუილს, სიცრუეს, არ არის მართალი. მათი მდგომარეობა მუდმივად უარესდება, იმიტომ, რომ თავს იყენებენ ძალიან არასერიოზულ მდგომარეობაში. დარწმუნებული ვარ, სამთავრობო თვითმფრინავთან დაკავშირებულ შემთხვევაშიც ზუსტად ასე იქნება. უფრო მეტ დეტალს მე არ ვფლობ, შესაბამისად, მე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ შესაბამისი უწყებები, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია, ისე პრემიერი ამაზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან", - აღნიშნა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×