რეზონანსი
11.09.2023

ყველამ ვიცით, რომ იმპიჩმენტი არის ფორმალური, რადგან „ქართულ ოცნებას" არ აქვს ამდენი ხმა და ეს არის რეაქცია კონსტიტუციის დარღვევაზე, მეტი არაფერი, - ამის შესახებ ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის შიდა საკითხია.

„სტატუსის მიღებისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს 12 პუნქტი. სტატუსის მიღებისას, 12 პუნქტის შესრულება-არშესრულების საკითხი შეიძლება გახდეს გარკვეული საბაბი არმოცემისთვის ან მსჯელობისთვის, რომ ეს გაასწორეთ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ნამდვილად ქვეყნის შიდა საკითხია. ყველამ ვიცით, რომ იმპიჩმენტი არის ფორმალური, რადგან „ქართულ ოცნებას" არ აქვს ამდენი ხმა და ეს არის რეაქცია კონსტიტუციის დარღვევაზე, მეტი არაფერი. შესაბამისად, არ მგონია, რომ ბევრი სანერვიულო ჰქონდეთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს ამ თვალსაზრისით. მათაც იციან, რომ ეს ასე არ არის და ეს არის ფორმალური პროცედურა. არ მგონია, კრიტერიუმების ხარისხში იყო ეს პროცესი აყვანილი", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის საკითხს.

„არ ვიცი, რაზე შეიძლება ჰქონოდათ საუბარი, თუმცა ბოლოს დროს იკვეთება და ჩანს, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაც ფლანგზე, რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებში გამოიკვეთოს ერთგვარ ლიდერად. გულწრფელები რომ ვიყოთ, მიდის ნადირობა ევროკავშირის სტატუსის ბენეფიტების მიღებასთან დაკავშირებით. გავიგეთ, იმპიჩმენტის საკითხს რომ მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო არსებული ჯგუფებიდან, ეს წინასწარ ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ. დღეს ისინი რაზე იმყოფებოდნენ, რაზე ისაუბრეს, არ ვიცი, მაგრამ პროცესები გვაჩვენებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი გაიზარდა და გაზრდილი მოლოდინის პირობებში, ყველა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, მიითვისოს პოზიტიური შედეგები, რაც ამას მოჰყვება. ცდილობენ, მიითვისონ, თითქოს მათ შეძლეს სტატუსის მოპოვება, რაც რეალობიდან ძალიან შორს არის, რადგან ყველამ ვიცით, არავის, არცერთ ოპოზიციურ ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღია ამ პროცესში. ხელისუფლება მარტო ასრულებდა რეკომენდაციებს. ერთადერთი, დეპოლარიზაცია ევალებოდათ და იმაშიც არ გამოგვყვნენ. იმედი მაქვს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება და ეს ნამდვილად არ იქნება ოპოზიციური ჯგუფების დამსახურება. ეს იქნება ქართველი ხალხის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება", - განაცხადა ბექა დავითულიანმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×