რეზონანსი
11.09.2023

2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და ევროკავშირი ამას ადასტურებს კონკრეტული ქმედებებით:

„გვყავს აქტიური ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი და ჩვენი თავდადებული სამოქალაქო მისია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც იმყოფებოდა ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში. მისია პატრულირებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სეპარატისტულ რეგიონებთან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ის ყოველდღიურად თამაშობს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ადგილზე სიტუაციის დაკვირვებით, ინციდენტების შესახებ მოხსენებით და ზოგადად, შესაბამის ადგილებში ყოფნით.

ევროკავშირის მისიასთან ერთად სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე ტერიტორია მოვინახულე. მე, რა თქმა უნდა, უკვე განვიხილე საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის ირგვლივ არსებული ვითარება, მაგრამ ასევე მქონდა შესაძლებლობა მენახა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა. მათ მიამბეს ყოველდღიური გაჭირვებისა და პრობლემების შესახებ.

ჩვენ ასევე დავამყარეთ მზარდი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს სამხედრო მისიებში მთელს მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ეხმარება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით. დღეისათვის ჩვენ გამოვყავით 62 მილიონი ევრო არალეტალური აღჭურვილობისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისების დროს სწრაფი რეაგირებისთვის. პირველი პარტია უკვე ჩამოვიდა საქართველოში და მეტი დახმარება გზაშია", - წერს ბორელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×