რეზონანსი
12.09.2023

დეპოლარიზაცია არის საკითხი, რომელიც ერთი პოლიტიკური პარტიისა და მმართველი პარტიის მიერ ვერ გადაწყდება, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ვერთიანდებოდეთ და ვმუშაობდეთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები ევროინტეგრაციის საკითხს იყენებენ სწორედ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, რაც დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

„დეპოლარიზაცია არის საკითხი, რომელსაც არ გავურბივართ. ეს არის საკითხი, რომელიც ერთი პოლიტიკური პარტიისა და მმართველი პარტიის მიერ ვერ გადაწყდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გააცნობიეროს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა და ის, თუ რას გვეუბნება ევროკავშირი, სწორედ ამ სიტყვებით, როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე.

სამწუხაროდ, ამ დრომდე და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშიც ვნახეთ, რომ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები ევროინტეგრაციის საკითხს იყენებენ სწორედ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, რაც დამაზიანებელია ქვეყნისთვის. თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდილობთ და გამოვხატავთ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც არ უნდა იყოს ქვეყანაში მაპოლარიზირებელი. პირიქით, ეს უნდა იყოს საკითხი, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ვერთიანდებოდეთ და ვმუშაობდეთ ერთად. ამას გვეუბნება ევროკავშირიც, თუმცა ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს აქვს უფლება, თავისი დღის წესრიგი ააწყოს ისე, როგორც თავად სურთ და ჰგონიათ სწორი. მას შემდგომ მოსახლეობა გადაწყვეტს, რა იყო სწორი და რა - არასწორი", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე: თუ ისევ პოლარიზაციით მივალთ დეკემბრამდე და მთავარი მოთხოვნა ეს იქნება, ხომ არ ფიქრობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს - ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ეს საკითხი ვერ იქნება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის გადამწყვეტი, რომელსაც ქვეყანა დეკემბერში ელოდება.

„არ მინდა, არცერთი რეკომენდაციის მნიშვნელობა დავაკნინო ამ შემთხვევაში, მაგრამ პოლარიზაცია არის ზოგადად ის საკითხი, რაც ცოტა გაურკვეველია, რა ნიშნულებით შეიძლება, განისაზღვროს პოლარიზაციის მისაღები დონე და ის დონე, რომელი არის მიუღებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღის მნიშვნელობა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მაინც მიმაჩნია, რომ მხოლოდ ეს საკითხი ვერ იქნება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის გადამწყვეტი, რომელსაც ჩვენ დეკემბერში ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენივე ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები თუ გააცნობიერებენ, რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის საკითხის გამოყენება პოლარიზაციაში", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×