რეზონანსი
12.09.2023

„ქურდს ყველა თავისნაირი ჰგონია", ხომ გაგიგიათ. იცით რაშია საქმე და რა არის მთავარი მიზეზი - ბიუჯეტის ნამდვილი ქურდები, თავის დროზე, შესაბამისად და მკაცრად არ დაისაჯნენ. ისინი რომ მკაცრად დასჯილიყვნენ, დღეს სხვას არ გადააბრალებდნენ ქურდობას," - განაცხადა „ხალხის ძალის" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი" პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბრისას.

მისი თქმით, სააკაშვილი დღეს რომ იჯდეს ციხეში, ბრალდებები ბიუჯეტის ქურდობაზე არ იქნებოდა.

„მიხეილ სააკაშვილი დღეს სასტუმროში რომ არ იყოს და იყოს ნამდვილ ციხეში, მისი პარტიის და მისი ოპოზიციის წევრები სხვას დღეს ვერ გადააბრალებდნენ ქურდობას. აი, ეს არის დღეს მთავარი. დაე, იყოს ეს კრიტიკა ჩემი მხრიდან ხელისუფლების მიმართ იმიტომ, რომ მე როგორც რიგითი მოქალაქე, გაბრაზებული ვარ. არ უნდა იყოს დღეს სააკაშვილი ლამის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში და არ უნდა ვუხდიდე მე მას ფულს ბიუჯეტიდან. ჩემი გადასახადებით, ჩემი ფულით მე ვინახავ დღეს ქურდ, მძარცველ, მკვლელ პრეზიდენტს სასტუმროში, იმიტომ, რომ ფსიქიკა არ შეერყეს, იმიტომ, რომ რაღაც დემენცია ჭირს. რატომ არ გადაჰყავთ ციხეში? უნდა გადაიყვანონ! იქ, სადაც ღირსი არის, რომ იყოს განთავსებული რეალურად! ყველა ქურდი, ყველა, ვინც ბიუჯეტიდან მოიპარა, უნდა იყოს დასჯილი და ვერავინ გაბედავდა ახალ ბრალდებებს," - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მანვე იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოხდა დროულად მოვლენებისათვის სახელების დარქმევა. „მე მესმის, რომ იყო ხელისშემშლელი გარემოებები და ხელისუფლებამ ბევრ რამეს გაუწია ანგარიში. მაგრამ ხომ ხედავთ, შენ რომ უწევ, ისინი არ უწევენ ანგარიშს. თქვენ როგორ გგონიათ, ახლა, ეს ღარიბაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნა, მაპატიეთ და ამ გონებასუსტი ოპოზიციის მოგონილი და ჩამოყალიბებულია. რა თქმა უნდა, დავალება უცხოეთიდან წამოვიდა. ისინი კარნახობენ ყველაფერს. ამათ სად აქვთ ამდენი ტვინი? შენ ანგარიშს უწევ საერთაშორისო საზოგადოებას - ვერ გააკეთე, არ გაგაკეთებინეს, არ მოგცეს გასაქანი იმის გამოც, რომ ურთიერთობები არ გაფუჭებულიყო. ბევრ რამეში გაუწიე ანგარიში დასავლეთს, რომელზეც ვსაუბრობთ და ანგარიში არ გაუწიე საკუთარ ხალხს, იმიტომ რომ არ გინდოდა საერთაშორისო პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლა და მესმის, რომ ზოგჯერ ესეც საჭიროა. ეს არის უცხოეთიდან წამოსული მოთხოვნა და რამდენად უტვინო მოთხოვნაც არის, ისე უტვინოდ დასრულდება და ის შედეგი ექნება", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×