რეზონანსი
14.09.2023

მთელ მსოფლიოში განვითარებულმა სხვადასხვა ბუნებრივმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებს. ამ საკითხების რეგულირება იწყება სამართლებრივი აქტების მოწესრიგებით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, კონფერენციაზე თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, 2014 წლიდან, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დღიდან დღემდე დიდი ძალისხმევაა გაწეული.

„დაახლოებით 200-მდე სამართლებრივი აქტი, დირექტივა და რეგულაციაა, რომელთანაც ჰარმონიზაცია დავიწყეთ 2014 წლიდან, შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივი აქტების მიღების კუთხით ეს ძალიან წარმატებულია, დაახლოებით 65% სამართლებრივი აქტების გადმოტანილი გვაქვს ეროვნულ კანონმდებლობაში", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მანვე კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხები,რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული, კანონშემოქმედებით პროცესს წაადგება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი ესწრება და დღეს სამოქალაქო საზოგადოებას ექნება საშუალება ყველა ის კითხვა დასვას, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, შრომის უფლებებთან", - განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" მიმდინარეობს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა.

კონფერენციაზე ძირითადი განსახილველი საკითხები უკავშირდება გარემოს დაცვას და სოფლის მეურნეობას, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას და შრომით უფლებებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×