რეზონანსი
16.09.2023

ქართული საზოგადოების დასავლური მისწრაფებები არ იცვლება. მოსახლეობის სრული უმრავლესობა საქართველოს განვითარებას ისევ ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავს და რუსულ მომავალზე ღიად ამბობს უარს. საზოგადოების პროდასავლურ განწყობებს ადასტურებს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევაც, რის მიხედვითაც გამოკითხულთა სრული უმრავლესობა საქართველოსა და ევროპული გაერთიანების ურთიერთობას დადებითად აფასებს.

"2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება - 2016 წლის 60%-თან შედარებით.

ეს ბოლო გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.

ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი).

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე - შედარებით 3%-თან, რომელიც ევროკავშირს უარყოფითად აფასებს.

მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება", - ნათქვამია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×