რეზონანსი
19.09.2023

„ითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან რეკომენდაციების შესრულების პროცესში", - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტუმრობდა", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლაში.

მან ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით საქართველოში ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გახლდათ ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის გზავნილი და არა „თითის ქნევა", როგორც ეს ოპოზიციის წარმომადგენლებს სურდათ რომ დაენახათ.

„ევროკომისიის შუალედური შეფასების გათვალისწინებით, საქართველოს მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის რეგულარულად გაცვლის და ინტენსიური კონსულტაციების საფუძველზე, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იქნა ხაზგასმული საქართველოს მხარესთან. შესაბამისად, ხელისუფლების ძალისხმევა მომდევნო დღეების განმავლობაში, სწორედ მათ შესასრულებლად იქნება მიმართული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად კეთილსინდისიერად შევასრულოთ ევროკომისიის თორმეტივე რეკომენდაციასთან დაკავშირებული საკითხები. თქვენ რომ სერიოზულად იყოთ დაინტერესებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ყველა საკითხს ნიშნის მოგებისა და სპეკულაციებისთვის გამოყენების ნაცვლად, ეცდებოდით ახლა მაინც, დასკვნით ეტაპზე, თითქმის ყველაფერი რომ გაკეთებულია, გეჩვენებინათ თუნდაც მოჩვენებითი ძალისხმევა და დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად ცოტა ხნით მაინც შეგეჩერებინათ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიები", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მანვე ისაუბრა გასულ კვირას ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ასევე გუშინ მადრიდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ხაზს უსვამს.

წევრი ქვეყნების უმეტესობის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობები ცალსახაა და მხარდაჭერის მოლოდინიც უნდა გვქონდეს მათგან. თუმცა გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იყოს მიღებული და ყველა წევრი ქვეყნის პოზიცია უნდა იყოს საქართველოს სასარგებლო, იმისათვის რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ არიან პოლიტიკოსები, ევროპარლამენტშიც და ერთი-ორი ქვეყნის ეროვნულ პარლამენტშიც, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების მიღმა, საქართველოს საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხის დაკავშირებას ცდილობენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივასთან. ამგვარი პოზიციები პირდაპირ სინქრონშია ოპოზიციის განცხადებებთან და მოქმედებებთან. მე მაქვს ერთი კითხვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც თითქოს თავგამოდებით იბრძვით კანდიდატის სტატუსისთვის, როდესაც ევროპელი პარტნიორები გეკითხებიან თქვენს მოსაზრებას, რატომ არ მიიღო შარშან საქართველომ კანდიდატის სტატუსი, რა შეფასებას აძლევთ და რას უყვებით ევროპელ პარტნიორებს? ამტკიცებთ, რომ შარშან საქართველომ არ დაიმსახურა ის რასაც მოლდოვა და უკრაინა იმსახურებდა? ქმნით მცდარ მოლოდინებს თქვენს მოკავშირეებთან, თითქოს გაქვთ იმის რესურსი რომ ხელისუფლება რაიმე გზით ჩაანაცვლოთ თუკი ამ საქმეში გარე ფაქტორებს დაიხმართ? საქართველოს ყველა კრიტერიუმით ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და დღეს ყველაფერია გაკეთებული რეკომენდაციების შესრულების კუთხით, იმისთვის რომ სტატუსის მისანიჭებლად საჭირო საფუძველი, ის რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, ჰქონდეს ევროკავშირს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს არაფერი ჭირდება გარდა იმისა, რომ შეწყდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება.

„თუ ამ მცდარ ცდუნებას გადალახავთ საკუთარ თავში და ქვეყნის ინტერესების მიხედვით იმოქმედებთ, საქართველოს სტატუსის მიღებას ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×