რეზონანსი
19.09.2023

ხმაურიანი პლენარული სხდომა პარლამენტში - სესიაზე ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსი განიხილეს, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა 12 პუნქტიან გეგმას. ოპოზიციის განცხადებით, უმრავლესობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„მოგმართავთ კოლეგებს, მათ შორის ოპოზიციონერებსაც, როდემდე უნდა ვიყოთ ამ რეჟიმში, მივმართოთ სხვა ზომებს იმიტომ, რომ როგორც კარგად ჩანს, უმრავლესობა არ აპირებს არაფრის შეცვლას. დროა მოქმედების და დანაწევრებული, დაქსაქსული ოპოზიცია მოქმედებებზე ვერ გადავა. მოქმედებას სჭირდება ერთიანობა იდეის ირგვლივ და იდეა შეიძლება იყოს ერთადერთი - დამოუკიდებელი დემოკრატიული არჩევნები 2024-ში და ამის შედეგად ევროპული საქართველო," - აცხადებს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი.

მმართველი გუნდის განცხადებით კი სწორედ ოპოზიციაა ის, ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩართული არ იყო, რადგან მათი ერთადერთი მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და მოაწყონ არეულობა ქვეყანაში.

„საქართველო არავის დაუდებს ტოლს და არც ერთი კრიტერიუმით არ არის და არ იქნება ხელწამოსაკრავი და დასაწუნებელი სახელმწიფო. ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას ამ რეფორმებში აქვს პრაქტიკულად ნულის ტოლფასი კონტრიბუცია. მეტიც, სამწუხაროდ, შეიძლება ოპოზიციის როლის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც და ახლაც მათ მთავარ საზრუნავად რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა, კანდიდატის სტატუსის არმიცემის მეშვეობით ხელისუფლებისა და მთლიანად ქვეყნის წარუმატებლობის მითის შექმნა და ამის გამოყენება პოლიტიკური კინკლაობისთვის. საბედნიეროდ, ახლა ნამდვილად მაქვს საფუძველი მჯეროდეს, რომ ოპოზიციის ეს მცდელობები იქნება უნაყოფო," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის კონკრეტულ დეპუტატებს სხდომათა დარბაზში მათი განცხადებებიც შეახსენეს.

„თქვენ რომ სერიოზულად იყოთ დაინტერესებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ყველა საკითხს ნიშნის მოგებისა და სპეკულაციებისთვის გამოყენების ნაცვლად, ეცდებოდით ახლა მაინც, დასკვნით ეტაპზე, თითქმის ყველაფერი რომ გაკეთებულია, გეჩვენებინათ თუნდაც მოჩვენებითი ძალისხმევა და დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად ცოტა ხნით მაინც შეგეჩერებინათ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიები. საქართველოს დღეს არაფერი სჭირდება გარდა იმისა, რომ შეწყდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება. თუ ამ მცდარ ცდუნებას გადალახავთ საკუთარ თავში და ქვეყნის ინტერესების მიხედვით იმოქმედებთ, საქართველოს სტატუსის მიღებას ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრება," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×