რეზონანსი
01.10.2023

ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში არ მომხდარა ისეთი რამ, რაც სტაბილურობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა, ამავდროულად, ხალხი გათავისუფლდა იმ წნეხისაგან, რა წნეხიც იმ რეჟიმის დროს იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" აგრძელებს წარმატებისკენ სვლას.

„დღეს ბიზნესი ხელშეუხებელია და ყველა ბიზნესმენი თავისუფალია თავის ქმედებაში, მათ შორის, პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობაც შეუძლიათ. გახსოვთ, რომ მაშინ არათუ ბიზნესმენი, ნებისმიერი ადამიანი დიდი დარტყმის ქვეშ დგებოდა, თუ ის პოლიტიკაში გადაწყვეტდა მოსვლას. მედიასივრცე მრავალფეროვანია, ოპოზიციურად განწყობილი მედიაც თანაბრადაა ჩვენს მედიასივრცეში წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ სამართალდამცავი და სასამართლოც ძირფესვიანადაა შეცვლილი, ციხეებში მდგომარეობა შეცვლილია, მნიშვნელოვნად შემცირებულია ადამიანების ციხეებში მოხვედრა და თვითონ ციხეშიც სხვა პირობებია ჩვენი მოქალაქეებისათვის. ეს მართლაც არის მათი სოციალური რეაბილიტაციის საფუძვლის მომცემი. ქვეყანამ ამ მშვიდობიან პერიოდში სტაბილური განვითარების საშუალება მიიღო, რაც ეკონომიკაზეც აისახა, სოციალურ პროგრამაზეც, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვიდან, დამთავრებული იმით რომ, პენსიების და ხელფასების მატება უკვე ყოველწლიურად, ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს სვლას ევროპისკენ და ამ ხნის განმავლობაში ყველა წარმატება, დაწყებული ევროასოციაციიდან, უვიზო რეჟიმი, საყოველთაო ვაჭრობის ხელშეკრულება ამ ხელისუფლების მონაპოვარია. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ წლის ბოლოს, იმედია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და ამ გამოწვევებს ყოველთვის ღიად და ნათლად ვუყურებთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რჩება სწორედ სიღარიბე და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მესამე წელია საქართველოს მკაფიოდ გააჩნია, საბოლოო ჯამში მიმართული იქნება იქითკენ, რომ სიღარიბე ამ ქვეყანაში დამარცხდეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×