რეზონანსი
20.10.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, წელიწადში ქვეყანა დატოვა ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ. ერთადერთი დადებითი სალდო, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ პერიოდში.

„რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლებს თუ მიგრაციის ნაკადებს, ნებისმიერი ქვეყანა რომ აიღოთ, რომელსაც ევროკავშირმა მისცა ვიზალიბერალიზაცია, ყველა ქვეყანას თავიდან მაინც და ზოგიერთებს ახლაც აქვს მიგრაციის მაღალი სალდო, ანუ ხალხი ჩვენზე განვითარებული ქვეყნებიდან, დღესაც მიისწრაფვის ევროპის უფრო განვითარებული ქვეყნებისკენ სხვათა შორის. ეს ხომ არ გგონიათ, რომ არ იციან იმ ხალხმა, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებენ, ძალიან კარგად იციან. მე თქვენ დაგიტოვებთ ცხრილს, სადაც ჩანს მიგრაციის მაჩვენებლები ბოლო 20-21 წლის განმავლობაში, რამდენი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას და რამდენი ბრუნდებოდა.

მინდა, აქვე გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წელიწადში ქვეყანა დატოვა ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ. ერთადერთი დადებითი სალდო ამ ცხრილში, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ პერიოდში, მაგრამ მაინც, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ემიგრაციაში მყოფი თითოეული ქართველი გვინდა რომ დაბრუნდეს და გვინდა, რომ ოჯახები, რომლებიც წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, დაბრუნდნენ, ამას ვინ უარყოფს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ერთი მთავარი ამბავი. 

წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, დამიჯერეთ, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა. არათუ ვიმსჯელებდით სალდოებზე, მეტი გავიდა თუ მეტი შემოვიდა, მაგრამ ჩვენ უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიზალიბერალიზაციის პირობებშიც კი, როდესაც მოძრაობა ევროპასთან თავისუფალია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×