რეზონანსი
20.10.2023

ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე - როგორც ჩანს, ფარცხალაძის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო აშშ-ის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მოტივაცია.

შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ელჩი გაერკვევა ამ საკითხში. მისივე თქმით, კარგი ნაბიჯი იქნებოდა თუ აშშ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესდა, მოხსნიდა.

„ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ - პროკურატურამ იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე სხვა უწყებებზე მიმართვები იყო, მათ შორის სუს-ის. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს, როგორც საჯაროდ ითქვა და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც და მან ისაუბრა ამაზე საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების, არც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს," - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ მიეცა ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვების საშუალება და აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება „კანვასის" ტრენერებსაც მიეცათ, თუმცა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „მათ ბრალი აქვთ წასაყენებელი".

„ბრალი თუ არ არის წაყენებული, მას ვერ შეუზღუდავ გადაადგილებას. მათ შორის, „კანვასის" შემთხვევაშიც, ტრენერებისთვის არავის შეუზღუდავს ქვეყნის დატოვება. შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ბრალი არის წასაყენებელი და მათ დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×