რეზონანსი
21.10.2023

დღეს საქარტველოს ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში გარკვეული რისკები მართლა არსებობს, როდესაც ნოემბრის შემდეგ 3 საბჭოს წევრის და შესაბამისად ვიცე პრეზიდენტების ვაკანსია დადგება, როდესაც ვადა საბჭოს კიდევ ერთ წევრს გასდის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

როგორც ეკონომისტი მიიჩნევს, გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოო ჯამში სებ-ის საბჭოს მაინც მმართველი პარტია ირჩევს, იგი პოლიტიკისაგან ამ საკითხზე ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება.

„ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა და პირველ რიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურულმა მხარემ, რაც საბოლოოდ პარლამენტში იმპიჩმენტის ჩავარდნით დასრულდა, ყველა სხვა თემა მეორე რიგში გადაწია. ამ დროს, არის საკითხები, რომლებიც გუშინაც აქტუალური იყო და დღესაც აქტუალობას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეროვნულ ბანკში განვითარებული პროცესია.

ბუნებრივია, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციაში, როგორიც ეროვნული ბანკია, ერთდროულად სამი ვიცე პრეზიდენტი ტოვებს თანამდებობას ვადამდე ადრე, ნორმალურ მოვლენად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, მათი მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილებას რა მიზეზიც, თუნდაც ობიექტური არ უნდა ჰქონდეს.

თუმცა მიმაჩნია, რომ ახლა ამ თემის ზედმეტად უტრირება და მასში სიმძაფრის ელემენტების შეტანა, არანაკლებ მიუღებელია.

იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მხრიდან ბრძანების გამოცემა, სანქცირების რეჟიმთან მიმართებაში, რასაც სამი ვიცე პრეზიდენტის გადადგომა მოყვა, შეიძლება სარისკო იყო და არც იდეალური გადაწყვეტილებად ჩაითვლება, თუმცა ამ ყველაფერს გარდა თავდაპირველი ხმაურისა, საბოლოო ჯამში, საფინანსო სექტორზე რაიმე სერიოზული ნეგატიური ეფექტი არ ჰქონია.

მაგრამ თემის დამძიმება და ამ ყველაფრის სებ-ის ფუნქციონირების ჩამოშლასთან დაკავშირება, და ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუციიდან კადრების დენადობაზე აქცენტირება არის თითიდან გამოწოვილი, რაც უბრალოდ არ დასტურდება!

ასევე სპეკულატიურია ღია საუბარი სებ-ის, როგორც კონსტიტუციურად მთავრობისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის „გაუქმებაზე", და მისი გადარჩენის მცდელობებზე. მით უმეტეს, რბილად რომ ვთქვათ ცოტა არასერიოზულია იდეები „საბანკო შარლ-მიშელის ფორმატზე". ზოგადად თუ ვინმემ დააზიანა ეს ფორმატი, პირველ რიგში სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო, რომელმაც თავიდანვე არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტის პუნქტებს.

რაც შეეხება თავად ეროვნულიო ბანკის საბჭოს კვალიფიკაციას და მის დამოუკიდებლობას. გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოო ჯამში სებ-ის საბჭოს მაინც მმართველი პარტია ირჩევს, იგი პოლიტიკისაგან ამ საკითხზე ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება. თუ ამ საკითხზე შევთანხმდებით, შეიძლება ვიმსჭელოთ შედარებით დამოუკიდებლი სებ-ი როდის და რა პერიოდში იყო.

ჩემი შეფასებით, სებ-ი პოლიტიკისაგან შედარებით დამოუკიდებელი იყო ნოდარ ჯავახიშვილის და ირაკლი მანაგაძის პერიოდში, და იგივე შეიძლება ითქვას თუ საუბარია სებ-ის საბჭოს წევრების და ვიცე პრეზიდენტების კვალიფიკაციაზეც. იგივე ითქმის ქართული ოცნების მართველობის პერიოდზეც. გვახსოვს თუნდაც სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაპირისპირება მმართველ ძალასთან, და ჩარევა რომ ყოფილიყო მას თანამდებობას ადრევე, ვადის გასვლამდეც დაატოვებინებდენ! დღეს ვერც ვერავინ იტყვის სებ-ის ყოფილი სამი ვიცე პრეზიდენტის, რომლებიც ქართული ოცნების მართველობის პერიოდში იქნენ არჩეული, კვალიფიკაციის ნაკლებობაზე, მით უმეტეს რაიმე ჩარევაზე!

სებ -ი პოლიტიკურად ყველაზე ნაკლებად დამოუკიდებელი „ნაციონალების"  მართველობის პერიოდში, 2004-2012 წლებში იყო. ამაზე მიუთითებს 2007 წლიდან მოყოლებული ჯერ მაშინდელი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის სკანდალური გადადგომა, და შემდეგ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთა ეპოქაც, ხოლო თუ იმ პერიოდში საბჭოს წევრების კვალიფიკაციაზე მიდგება საქმე, სალაპარაკოდ ქცეული ნანა ყეინიშვილი, ზოგიერთ მათგანთან შედარებით ეკონომიკის მაგისტრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ!

დღეს სებ-ის ფუნქციონირებაში გარკვეული რისკები მართლა არსებობს, როდესაც ნოემბრის შემდეგ 3 საბჭოს წევრის და შესაბამისად ვიცე პრეზიდენტების ვაკანსია დადგება, როდესაც ვადა საბჭოს კიდევ ერთ წევრს გასდის. მაგრამ არა მგონია, ამას ამხელა აჟიოტაჟი და მით უმეტეს შარლ მიშელის მსგავსი ფორმატი სჭირდებოდეს.

პროცედურულად საქართველოს პრეზიდენტისათვის არც არავის ჩამოურთმევია საბჭოს წევრების წარდგინების უფლება, და მას ამის გაკეთება ხვალაც თავისუფლად შეუძლია. თუ საუბარია მმართველ ძალასთან არსებულ დაპირისპირებაზე, მიუხედავად პოლიტიკურად მეტად დაძაბული და არასასურველი ფონისა, ვფიქრობ, ეს პრობლემაც მოგვარებადია თუ გავითვალისწინებთ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, დროებით შეჩერებული პროგრამის აღდგენაზე. თუმცა მიმაჩნია, რომ სსფ-სთან მოლაპარაკების პროცესში მთავრობის მხრიდან მეტი ჩართულობა, თუ საჭირო გახდა გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებითაც, საქმეს მხოლოდ წაადგებოდა!", - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×