რეზონანსი
21.10.2023

ვინც მხარს უჭერს იმას, რომ მანიფესტაცია და შეკრება უსაფრთხო იყოს, ეს ვართ ჩვენ და ამიტომ მივიღეთ ეს კანონი, ოპოზიცია და პრეზიდენტი კი ამას ეწინააღმდეგებიან, რაც ნიშნავს, რომ მათი პოზიციით, ბარიკადების მოწყობა, რომელიც ადამიანებს საფრთხეს უქმნის, ნორმალურია - პრეზიდენტს ამ საკითხზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ჩამოუყალიბებია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.

„თუ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ვნახავთ, ამ საკითხზე მას პრინციპული წინააღმდეგობა არ ჩამოუყალიბებია. მან თქვა, რომ ფორმულირებებთან მიმართებით აქვს შენიშვნები, თითქოს კანონი ნაკლებად განჭვრეტადია და შეთავაზებული ფორმულირებები ნაკლებად მკაფიოა. კატეგორიულად ამასაც ვერ დავეთანხმები, რომ ნაკლებად მკაფიოა ის დებულებები, რომელიც ასახულია კანონპროექტში, მაგრამ თუ საკითხი ამგვარად დგას, ის უნდა ეწინააღმდეგებოდეს არა კანონის მიღებას, არამედ უნდა გვთავაზობდეს სხვა ფორმულირებას, რომელიც ამას უკეთესად მიაჩნია. კანონპროექტის განხილვის და ვეტოს წარმოდგენის დროს არ ყოფილა არცერთი განსხვავებული ფორმულირება, რაზეც მსჯელობა გვექნებოდა. ამაზე წინასწარ ვიმსჯელეთ და რამდენადაც შეიძლებოდა მკაფიო და ზუსტი ფორმულირება ყოფილიყო, კანონპროექტში აისახა. ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც შეიძლება დავეთანხმოთ პრეზიდენტის შენიშვნებს. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც იგივე პოზიციაზე იქნებიან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, ცვლილებები შეფასებულია, როგორც "ანტიევროპული კანონი".

შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით", შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×