რეზონანსი
23.10.2023

„საქართველოს ეროვნული ორბიტის" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, მომავალში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

ლომჯარიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე. როგორც ლომჯარიამ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრის თემა იყო ევროკომისიის შეფასება და დასკვნა 12 პუნქტის შესრულების საკითხი.

„მოწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ. დღის წესრიგი და თემატიკა წინასწარ არ იყო ცნობილი. იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის შემდეგ, კიდევ უფრო საინტერესო იყო მასთან შეხვედრა.

ასევე, გვიახლოვდება მნიშვნელოვანი თარიღი. დაახლოებით, 8 ნოემბრისთვის გვეცოდინება ევროკომისიის შეფასება და დასკვნა 12 პუნქტის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით. დეკემბრის შუა რიცხვისთვის კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის მინიჭება - არ მინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხი იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა. რა მოლოდინები გვაქვს, რა ინფორმაციებია, რა შეიძლება მოხდეს და რა შეგვიძლია ჩვენ, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე გავაკეთოთ, იმისათვის, რომ ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ საქართველოს შესაძლებლობებს ევროინტეგრაციის გზაზე.

კითხვაზე, იქნება თუ არა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან კოორდინირებული მოქმედება და შესაძლებელია თუ არა განხორციელდეს ერთობლივი ვიზიტი საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, ლომჯარია აცხადებს, რომ თანამშრომლობის ამ ფორმასაც არ გამორიცხავს.

„დღეს ვისაუბრეთ და მეც ვიზიარებ ამ პოზიციას, რომ დგება მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ამ საკითხზე უფრო მეტი კოორდინაცია თუ ძალების გაერთიანება არის საჭირო. ვფიქრობ, ეს ამ პროცესს, მხოლოდ წაადგება.

არ გამოვრიცხავ, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე არ გვისაუბრია. სამომავლოდ, ალბათ გვექნება შესაძლებლობა. პრეზიდენტიც გააკეთებს განცხადებას მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, შეიძლება ეს იყოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმა. შეიძლება ერთობლივად, შეიძლება ცალ-ცალკე, მაგრამ ყველა თავისი მანდატით და შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე შეფასებით, დღევანდელი შეხვედრიდან არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი შეშინებულია და აპირებს საკუთარი სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმების გადახედვას.

ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტი თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთებას აპირებს.

„არ დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი შეშინებულია, ან ფიქრობს, რომ შესაცვლელი აქვს მისი მოქმედების სტრატეგია. პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებს სამომავლოდ საკუთარი სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმების გადახედვას, პირიქით თვლის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა ჩვენი გააქტიურება", - განაცხადა ლომჯარიამ

მან, ასევე, ისაუბრა მმართველი გუნდის შეფასებაზე, რომ თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც ხელისუფლებას უკეთებია. ლომჯარიას შეფასებით, ეს განცხადებები ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია.

„რეკომენდაციები რამდენ პროცენტში შესრულდა, მალე გვეცოდინება. 8 ნოემბერს გვეცოდინება დიაგნოზი. ამ ყველაფერს ძალიან მალე გაეცემა პასუხი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებაც და არა, მხოლოდ რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

არ ვგულისხმობ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ბოლომდე პოლიტიკური იქნება და ასეა გადაწყვეტილი. ასე არ არის გადაწყვეტილი, პირიქით იმის გამო, რომ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით კარგად ვერ გამოვიყურებით, ვცდილობთ მათ დავანახოთ სხვა კონტექსტი", - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს, ალტერნატიული გზები ეძიოს იმისათვის, რომ ევროპამ საქართველოს კონტექსტში გამონაკლისი დაუშვას.

„ქართულმა ოცნებამ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ძალიან ახლოს შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ საქართველოს რეპუტაცია ძალიან დააზიანოს ევროპაში. თუკი ხელისუფლება რიტორიკას შეცვლის, დარჩენილ დროში არცერთ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს არ გადადგამს, რა თქმა უნდა, მეტი შანსი გვექნება, რომ ჩვენს მიმართ განწყობები შეიცვალოს.

ეს რომ არ ხდება, ამიტომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვცდილობთ ალტერნატიული გზები ვეძიოთ, რომ ჩვენ ავუხსნათ ევროპას, რომ ამ საკითხებს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს და საქართველოს კონტექსტში გამონაკლისი დაუშვან", - განაცხადა ლომჯარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×