რეზონანსი
28.10.2023

როდესაც ვსაუბრობდით და მეტიც, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან, როდესაც ე.წ. ტრიოს ფორმატი იყო და ჯერ არ იყო განსაზღვრული გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიცემა არმიცემის საკითხს გადაწყვეტდა, ჯერ კიდევ მაშინ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ გვქონდა კონკრეტული ინფორმაციები და ეს ინფორმაციები მოდიოდა საერთაშორისო პარტნიორებიდან. გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ ადამიანები დადიოდნენ და ითხოვდნენ, საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის აკეთებდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერი დეპუტატების, ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილი საბოტაჟს ეწევა და ხელს უშლის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას.

ღუდუშაურის თქმით, ეს ადამიანები ცდილობენ, გაემიჯნონ წაგებულ მხარეს, რომელიც ცდილობდა არ მიეღო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ესენი არიან ბოროტი ძალები და აკეთებენ რუსულ საქმეს.

„ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ესენი არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს და პროგრესს. ამის შემდეგ, ბატონი ხაზარაძის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ის ემიჯნებოდა პოლიტიკოსებს, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში. ამის გაგრძელება არის ის, რასაც ვხედავთ ქალბატონი სამნიძისგან და ხატია დეკანოიძისგან. სწორია ის მომენტი, რომ ეს ადამიანები ხედავენ იმას, რომ ის გემი, რომელშიც ეს ადამიანები ყველანი ერთად ისხდნენ და ამ გემით ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ და ჩაეხერგათ გზა ქვეყნის განვითარების, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მოცემისა და ამ გზით როგორმე გამოეწვიათ რევოლუციური თუ ხელოვნური ტემპერატურის აწევის მომენტი და ამ გზით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, გნებავთ სისხლისღვრის ფასად, ასეთ დროს, ცხადია, ეს ადამიანები ცდილობენ, გაემიჯნონ წაგებულ მხარეს, რომელიც ცდილობდა, ხელი შეეშალა და არ მიეღო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ესენი არიან ბოროტი ძალები და აკეთებენ რუსულ საქმეს. თუ რაიმე სახის რუსულ საქმეს აკეთებს, რუსულ რუბლებს იღებს, ეს არიან ეს ადამიანები. ქალბატონი ხოშტარია, ერთი სული აქვს როდის დაერიცხება რუსული ხელისუფლების მიერ გადმორიცხული რუსული რუბლები. ამის შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან, ჰყოფნით უტიფრობის ხარისხი და აპროტესტებენ იმას, თითქოს ქვეყანა რუსეთის მიმართულებით მიდის. ეს ხომ არის ცალსახა ტყუილი. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად. ის რომ საქართველომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იარა ქვეყნის ინტერესების დაცვის ხაზით, სწორი პრაგმატული პოლიტიკით, ამის შედეგია, რომ ასეთი ფორუმის შედეგად რეგიონის ლიდერები დიდ ნდობას უცხადებენ საქართველოს და ანიჭებენ ფუნქციას, რომ იყოს მშვიდობის გარანტი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×