რეზონანსი
03.11.2023

ბევრი ხელისუფლების გასტუმრებაში შევშველებივართ პოლიტიკურ პარტნიორებს და ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრებაშიც შევეშველებით , - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნების" ერთადერთი საპირწონე აღარ არის.

„არანაცური ოპოზიციის ამომრჩეველი ყველაზე მეტია ქვეყანაში, პლუს „ნაცები" და პლუს გახარია. აი, ეს არის 50%-ს პლუს ერთის შანსი. ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა. ამას არ სჭირდება „ნაცებთან" კონფრონტაცია. 2020 წელს არასახელისუფლებო მედიაში ამბობდნენ, რომ „ან ქოცებს უქმნი კოალიციას, ან ნაცებს". აღარ არის „ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთიო საპირწონე „ქართული ოცნების". ერთი-ერთზე, რინგზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ყოველთვის გალახავს მიხეილ სააკაშვილს და ეს ბევრჯერ უქნია.

ჩვენ ყველას ხომ გვეძახეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა"? აგერ კობახიძემ თქვა, სავსეა „რესპუბლიკური პარტია" უზრდელებითო. რესპუბლიკურ პარტიაზე „სავსეა" თქვა, თავისთავად სწორი არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ქონდრისკაცების შეფასებები ჩვენთვის არ არის არსებითი. ბევრი ხელისუფლების გასტუმრებაში შევშველებივართ პოლიტიკურ პარტნიორებს და ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრებაშიც შევეშველებით. მოსვლაშიც შევშველებივართ და წასვლაშიც შევეშველებით. ზოგი ჩვენზე უფრო მეტად შეეშველება, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი გადაცემა „360 გრადუსში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის" სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

ბერძენიშვილის თქმით, სავარაუდოდ ნიკა მელია პარტიას დატოვებს, ხალხსაც გაიყოლებს და სწორედ ამის პრევენცია იყოს სააკაშვილის განცხადება.

„ეს მისი პრობლემაა. არ მინდა პატიმარ სააკაშვილთან პოლემიკა. როგორც ჩანს, ნიკა მელია თავის პარტიას შექმნის, როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ მელია მაინც მიდის და რომ წავა, საკრებულოებიდან ბლომად ხალხს გაიყოლებს. ამიტომ სააკაშვილის პრევენცია იყო, რომ მერე მისიანებს უთხრას, რომ აი, მე თვითონ გავაგდე. მელია შემოვა არანაცურ ველზე. პარლამენტში არის რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ძალიან სიმპათიური, ორკაციანი ჯგუფი „ევროოპტიმისტები"", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×