რეზონანსი
03.11.2023

საკუთარ თავს მივცემ უფლებას, მესამე პრეზიდენტს არ დავეთანხმო იმაში, რომ ჩვენ კი არ ვაზარალებთ პარტიას ჩვენი იქ ყოფნით, არამედ ახალი მენეჯმენტი აზიანებს უსუსური მოქმედებებით , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე განცხადებით, სხვადასხვა ქალაქში, როგორც კი დაამთავრებენ შეხვედრებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას პარტიაში დარჩენასთან ან წასვლასთან დაკავშირებით.

დოლიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის პოზიცია გასაგები იყო, თუმცა ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც გულისხმობს შეხვედრებს სხვადასხვა ქალაქებში, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ. როდესაც მოვრჩებით ყველა ამ შეხვედრას, ამის შემდეგ, ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებას.

მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თუმცა მე მაქვს უფლება მქონდეს განსხვავებული აზრი პოლიტიკურ დღის წესრიგთან მიმართებაში. მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია, თუმცა საკუთარ თავს მივცემ უფლებას არ დავეთანხმო იმაში, რომ ჩვენ კი არ ვაზარალებთ პარტიას ჩვენი იქ ყოფნით, არამედ ახალი მენეჯმენტი უსუსური მოქმედებებით.

დატყვევებულ ადამიანთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. ამასთან, ვიტოვებ უფლებას, რომ არ დავეთანხმო. პოზიცია გასაგები იყო, მაგრამ ჩვენი მხრიდან ნურავინ ელოდება ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ მივყვებით კონკრეტულ ხაზს, რომელიც ავირჩიეთ",- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო სიის უმრავლესობა უნდა შედგებოდეს ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები, შეაფასა.

დოლიძის თქმით, პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს არ მოეწონა აღნიშნული განცხადება. მისი თქმით, ეცდებიან მიჩქმალონ ეს წინადადება და ყურადღება არ გაამახვილონ.

„სააკაშვილის ეს განცხადება დიდი ენთუზიაზმით არ იყო ატაცებული დღევანდელი მენეჯმენტის მხრიდან, ე.ი. არ მოეწონათ. ეცდებიან მიჩქმალონ ეს წინადადება და ყურადღება არ გაამახვილონ.

ვხედავთ, რა სავალალო მდგომარეობაშია ოპოზიციის წარმომადგენლობა პარლამენტში, მაშინ, როდესაც არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვდა იმ უმსგავსო თავდასხმაზე, რომელიც ქალ დეპუტატზე მოხდა. თუ პარლამენტში ვერ ქმნი პოლიტიკურ ამინდს, მაშინ სად უნდა შექმნა? ეს იმას ნიშნავს, რომ ის კონფიგურაცია, რომელიც პარლამენტში გვაქვს, არა თუ ეფექტურია, არამედ ცუდად ასხივებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს. ეს მოსაწონი ვერ იქნება, მათ შორის, მესამე პრეზიდენტისთვის, ამიტომაც გააკეთა განცხადება , რომ სულ სხვა ფორმაციით უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი საპარლამენტო სია",- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×