რეზონანსი
04.11.2023

მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასის კლების ტენდენციაა, რაც მსოფლიოში რეკორდულ მოსავალს უკავშირდება, რაც კარგია და ეს ტენდენცია გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პურის ფასი იქნება სტაბილური, მაგრამ ფასის შემცირებაზე ახლა საუბარი არაა - ამის შესახებ „პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მალხაზ დოლიძის თქმით, ფქვილი და ხორბალი რუსეთიდან შემოდიოდა და დღესაც შემოდის. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ბაზარს, ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით, ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ თუ რაიმე შეზღუდვა დაწესდა, არის ქვეყნები, საიდანაც ფქვილი საზღვაო პორტებიდან შემოვა.

„ამ ეტაპზე რუსეთის ბაზარს ალტერნატივა ჩვენთვის არ აქვს ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით. თუ უშველებელი მოხდა და არ მოგვცა ხორბალი რუსეთმა, არის ალტერნატივა, რუმინეთი, ბულგარეთი, რომლებისგანაც პორტების საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ ხორბალი და ფქვილი", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისი თქმით, ხორბლის ფასი დამოკიდებულია ხარისხზე. მომხმარებელს უნდა მაღალი ხარისხის პური და არ აინტერესებეს ქართულია ხორბალი თუ რუსული.

„მე გამიკვირდა კიდეც, ზოგიერთი პარტიის წევრი რომ გამოვიდა ტელევიზიით და თქვა - რატომ ვიღებთ ხორბალს და ფქვილს რუსეთიდან? რატომ ვიღებთ და ხარისხიანი ხორბალი აქვს რუსეთს", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ქართული ხორბალი არ არის ისეთი სტანდარტის, რომელსაც უნდა პასუხობდეს პურის ცხობისთვის გამოსადეგი ხორბალი და პურის ფასზე საუბარიც უადგილოა, რადგან რეგიონში საქართველოში პურის ფასი ყველაზე სტაბილურია.

„მოდი, გულახდილები ვიყოთ, წამდაუწუმ პურის ფასზე ლაპარაკი, პრიმიტიულად ჟღერს. ჩვენთან მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, პურის ფასი სტაბილურია, 2 წელიწადია ეს ფასი გვიჭირავს", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

წყარო: კომერსანტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×