რეზონანსი
04.11.2023

არ მაინტერესებდა, არ მაინტერესებს და არც მომავალში დამაინტერესებს მსგავსი განცხადებები - საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ ვინაა და როგორ საქმეს აკეთებს, მე ამ კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „სააკაშვილი ვაშაძეს მოშივებულს უწოდებდა".

ვაშაძის თქმით, მას მხოლოდ ორი მიზანი აქვს - კანდიდატის სტატუსის მიღება და „რუსული რეჟიმის" დემონტაჟი.

„მაქვს ორი ამოცანა ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად. ერთი ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და მეორე ის, რომ რუსული რეჟიმის დემონტაჟი მოვახდინოთ. ამიტომ, არ მაინტერესებდა, არ მაინტერესებს და არც მომავალში დამაინტერესებს მსგავსი განცხადებები, რადგან არ ვთვლი, რომ ამ კინკლაობაში უნდა ჩავერთო. ეს ჩემი საქმე არაა. დანარჩენი - საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ ვინაა, როგორ საქმეს აკეთებს, სად დგას. არ ვაპირებ ამ კინკლაობაში შესვლას",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საარჩევნო სია განახლებული უნდა იყოს, ვაშაძე აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკაში გზა ახალ ადამიანებსაც უნდა გაუხსნან და ამავე დროს, ბრძოლა დაუფასდეთ მათაც, ვინც დღემდე იბრძვიან.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ახალ ადამიანებთან დაკავშირებით, ვეთანხმები. ეს არის ჩვენი შეთანხმება, რომ ბევრ ახალ ადამიანს პოლიტიკაში უნდა გავუხსნათ გზა. აუცილებელია, რომ ყველას, ვინც დღემდე იბრძვის, მათაც დაუფასდეთ თავისი ქმედება და ბრძოლა. ამიტომ ეს უნდა იყოს სინქრონული გადაწყვეტილება ორივე კომპონენტის გათვალისწინებით. „ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიაა, ეს ხომ ყველამ ვიცით. მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად ორად ეს პარტია ვერასდროს გაიყოფა, რადგან მიშა ორად ვერ გაიყოფა. დანარჩენი მეორეხარისხოვანია ამ პოლიტიკური ძალისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის. უმჯობესია, ყველამ ჩვენი სამიზნე გავასწოროთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის ეს სააკაშვილის მხრიდან საარჩევნო სიის განახლებაზე საუბარი მისი მხრიდან ვენდეტა, ვაშაძე ამბობს, რომ სიაში იქნებიან როგორც ძველი, ისე ახალი სახეები და „არანაირ ვენდეტასთან არაა საქმე".

„არც სიაა ჩემი მიზანი, არც რომელიმე თანამდებობა მაქვს მიზნად. ერთადერთი მიზანი მაქვს, რომ ქვეყანა „რუსული რეჟიმისგან" გავათავისუფლოთ და საქართველომ დაიწყოს სწრაფი სვლა ევროპული მიმართულებით. სადაც იქნება ჩემი როლი და ფუნქცია, იმას მოვირგებ. ამ ქვეყანაში თანამდებობის და პარლამენტის წევრობის გარეშეც ვყოფილვარ და ჩემი აზრის გამოხატვის და მონაწილეობის პრობლემა არცერთ პროცესში არ მქონია",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, „მიშას თქმით, მოშივებულ, გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის".

„მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით, რაა!" ამ ხალხის საყურადღებოდ: თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც დავდივარ - მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდა, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო", - განაცხადა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×