რეზონანსი
04.11.2023

ეგვიპტე ვერ მიიღებს ისრაელის ქმედებებს ღაზაში, როგორც ლეგიტიმურ თავდაცვას, - ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუკრიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ღაზაში მომხდარი სამწუხარო მკვლელობების გამართლება შეუძლებელია. კოლექტიური სასჯელი - ისრაელის სამიზნეა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმები. გარდა ამისა, ისრაელი ცდილობს, აიძულოს პალესტინელები, დატოვონ მათი მიწები - ეს საერთოდ არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური თავდაცვა", - განაცხადა შუკრიმ.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელი ომის საერთაშორისო კანონების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ეგვიპტე იყენებს ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს დახმარების მიწოდება ღაზაში. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ნაადრევია ღაზას მომავლის განხილვა.

„ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მთავარ საკითხზე - ეს არის საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ღაზას მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება, გადაადგილების საკითხების მოგვარება და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - აღნიშნა შუკრიმ.

ამასთან, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ისრაელი და თქვა, რომ „ისრაელის საომარი დანაშაულები უნდა შეწყდეს და უნდა დასრულდეს მისი იმუნიტეტი საერთაშორისო სამართლის მიმართ".

„ღაზის მიმართულებით გაშვებული ყოველი რაკეტით, პალესტინელი ბავშვის ყოველი მკვლელობით, მთელი რეგიონი იძირება სიძულვილის ზღვაში, რომელიც განსაზღვრავს მომავალ თაობებს. ეს უკვე იწყებს გამოვლინებას რეგიონში სიძულვილის გამომჟღავნებით და ანტისემიტიზმის სავალალო გამოხატულებებით", - განაცხადა საფადიმ.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ომის შეჩერებაა და თქვა, რომ აშშ-ს წამყვანი როლი აქვს ამ ძალისხმევაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×