რეზონანსი
06.11.2023

იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ველოდებით, რომ ევროკომისიის შეფასებებიც იქნება პოზიტიური და რელევანტური იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც საქართველომ გადადგა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის მავნებლური ნაბიჯი.

„ვხედავთ, რომ არის ხალხი, მათ შორის საქართველოში და ამ პროცესში ჩართეს საქართველოს პრეზიდენტიც, ვნახეთ მისი არაერთი ვიზიტი ევროპის დედაქალაქებში, სადაც გაჟღერდა სანქციების თემა. ამ ფორმით სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და ევროკავშირში ინტეგრაციასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ მავნებლური ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია, დღეს საქართველოს მოსთხოვო რუსეთთან დააწესოს სანქციები. გავლენა იქონიოს რუსეთის ეკონომიკაზე ნოლი, ხოლო საქართველოს ეკონომიკაზე უზარმაზარი. ამ ფორმით მერე ჩვენ ვიფიქროთ რაიმე წინსვლაზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ეს არის წარმოუდგენელი. ოპოზიცია ცდილობს, მოძენონ რაიმენაირად ისეთი წინაპირობები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რაც შეუსრულებელი და შეუსრულებადი იქნება საქართველოსთვის. ეს არის მიზანი, ამ მიზნით დადიან ისინი ბრიუსელში, ამ მიზნით იმყოფებიან ზოგიერთები ახლაც ბრიუსელში, რომ რაიმენაირად საქართველოს წინაშე დადგეს ისეთი ამოცანები, რომელიც იქნება წარმოუდგენელი შესასრულებლად. ამას ჰქვია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მტრობა და ყველაფრის გაკეთება, რომ საქართველომ ვერ მიაღწიოს მთავარ მიზანს. ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების მთავარი საზრუნავი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საკმაოდ ბევრი წინაპირობის შესრულება შეიძლება, მოუწიოს საქართველოს ამ პროცესში.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პირობები თუ წინაპირობები, რაც იქნება, იყოს სამართლიანი და იყოს ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში არსებობდა. სანქციების მიბმა ამ საკითხზე და დღეს საქართველოსთვის ამის მოთხოვნა, არის წარმოუდგენელი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×