რეზონანსი
10.11.2023

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებული, ლევან დოთიაშვილი მომხდარს იხსენებს.

მისი თქმით, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს მიჰყავდა, გზაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან, ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა იყო. ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში არ გაგვიგია და სროლა-სროლით მოგვდევდა. ბევრი გაისროლა. მე თავად ვნახე ნატყვიარები. [თამაზ გინტურს] ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა „დამჭრაო" - „მოგარტყა დიმიტრიჩ-თქო" და „კიო", მერე "ვსო"... გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს, დანარჩენი რუსი ჯარისკაცები ამოვიდნენ და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. ვინ ისროლა დავინახე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ. სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის მერე ამოვიდა. თამაზი რომ მანქანიდან გადმოვიყვანე, სასწრაფოში რომ დავრეკე, ყველას რომ გავაგებინე, 7 კაცი მოვიდა და წამიყვანეს. ჩვენ უკან პირდაპირ სროლით მოდიოდა, სათამაშოდ რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა ხომ? გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი კონკრეტული ადამიანი მირტყამდა. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე",- განაცხადა ლევან დოთიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა გუშინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×