რეზონანსი
10.11.2023

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საეტაპო მოვლენის დროს ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია დგანან ერთად. მათ შორის ეს არის ინდიკატორი, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და სწორი გეზი აქვს აღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს შეფასება სთხოვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადების, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.

„ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე მხარესაა მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ეწინააღმდეგება, ებრძვის ქართულ ეკლესიას. ეს არის რეალური სურათი, რასაც ვხედავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო კათოლიკოს პატრიარქს, საქართველოს ეკლესიას მყარი მხარდაჭერისა და ჩვენი ევროპული გზისთვის, რომელიც ქართველ ხალხს საუკუნეების, ათწლეულების განმავლობაში სწორედ საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით, ხელშეწყობით აქვს მოტანილი. საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან. დღესდღეობითაც, როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ევროპა არის ქრისტიანული კულტურა, რომელიც ისტორიულად მოდის და რამაც ჩამოაყალიბა ევროპა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, რა შეიძლება იყოს ოპოზიციის მოტივი, როდესაც ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებას არ ეთანხმებიან და მას ღიად აკრიტიკებენ.

„ზოგადად, ამ აბსურდულ მცდელობას რაც შეეხება, ეს აჩვენებს, რამდენად არ ესმით დემოკრატიის არსი ამ ჯგუფიდან ადამიანებს, მარგინალურ ოპოზიციას. დემოკრატიის არსი მდგომარეობს შემდეგში - ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც არჩეული იქნა ხალხის მიერ და რომელიც იღვწის ხალხისთვის, ხალხის სახელით. ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი. ნებისმიერი გამიჯვნა და გამიჯვნის მცდელობა მხოლოდ რუსული ნარიტივია. სწორედ ამას აკეთებს რუსეთი, მათ შორის საქართველოს მიმართ, როცა ცდილობს, ხალხი და არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნოს. სხვათა შორის, ამას აკეთებს უკრაინაშიც და ყველგან, სადაც ცდილობს, შეიტანოს ეს ნარატივი. ამიტომ, ყველა, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ხალხი მის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისგან, სინამდვილეში, ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის ერთი მთლიანი, ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც არის არჩეული ხალხის მიერ და რომელიც იღწვის ხალხისთვის.

ფაქტია, ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ჩვენი ხალხის, ისტორიული მისწრაფების დიდ გამარჯვებას და მეორე მხარეს არის დაღვრემილი, გაბოროტებული, ღვარძლით ავსებული ოპოზიცია, რომელიც ებრძვის ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ეკლესიას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×