რეზონანსი
10.11.2023

აღმაშფოთებელია, რომ კალიურანდი, ერთი მხრივ, აღწერს ოკუპაციის სიმძიმეს, იმას, რომ ახლახან ჩვენი მოქალაქე მოგვიკლეს და იქვე აგრძელებს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ გვინდა ევროპა, უნდა გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრებზე, რომლებიც მქონია ყველა დონეზე, იქნებოდა ეს ევროკავშირში, მის წევრ ქვეყნებში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში, არსად არ დამდგარა მოთხოვნა, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს. ეს უნდა ითქვას ხაზგასმით. პირიქით, ყველას ესმის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო არის და ეს მდგომარეობა, სხვათა შორის, კალიურანდმა აღწერა. ყველაზე გასაკვირი თუ აღმაშფოთებელია, რომ კალიურანდი, ერთი მხრივ, აღწერს ამ მდგომარეობას, ოკუპაციის სიმძიმეს, იმას, რომ ახლახან ჩვენი მოქალაქე მოგვიკლეს, გაიტაცეს და იქვე აგრძელებს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ გვინდა ევროპა, უნდა გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მოსახლეობის კეთილდღეობა. არ ვიცი, საერთოდ რაში ჯდება ასეთი ტოლობის დასმა და ასეთი პირობის დაყენება.

ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი და მათთან უნისონში მყოფი ზოგიერთი „ენჯეო" საქართველოში, ცდილობენ იმავეს, რასაც წელიწად-ნახევარია ცდილობენ, ყალბი დილემა დააყენონ, თითქოს, დილემა დგას ასე - ან აწესებ სანქციებს და წინ მიდიხარ ევროპისკენ, ან არ აწესებ სანქციებს და ვერ მიდიხარ ევროპისკენ. ასეთი ტოლობა ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის ნაწილიც არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

არ გასულა სულ ცოტა ხანიც და ვხედავთ, რომ რამდენიმე „ენჯეოს" წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი და საზღვარგარეთ მათი მოკავშირეები ცდილობენ ამ დეზინფორმაციის გავრცელებას, თითქოს ევროპა გულისხმობს მოქალაქეების სიცოცხლის გარისკვას, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო კონფლიქტის რისკში შესვლას, ეკონომიკური კეთილდღეობის გარისკვას. პირიქით, ევროპა არის მშვიდობისა და სოლიდარობის პროექტი. მოვუწოდებ მათ, გაემიჯნონ ასეთი სახის განცხადებებს და ანტიევროპული დეზინფორმაცია არ გაავრცელონ ქართულმა „ენჯეოებმა", განსაკუთრებით ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა, ვინაიდან ეს ევროპულ მიდგომებს ეწინააღმდეგება. ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარისა და ევროკომისიის აზრებს შორის პოლარიზაციაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×