რეზონანსი
11.11.2023

ყველაზე მთავარია, დღეს ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს. ამაში ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა - მხარდაჭერა მოვიპოვოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ასეთი ტიპის ნაბიჯები სამომავლოდ ვეღარ გადადგან ან თუ გადადგამენ, ამისთვის გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქართველის, ლევან გინტურის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

სახალხო დამცველმა აღნიშნული კომენტარი მედიასთან სოფელ კირბალში გააკეთა, სადაც მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საქმეში პირველივე წუთიდან იყო ჩართული.

„სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან დიდი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ პირველივე წუთიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულებით ყველაფერში ჩართული ვართ. მთავარია დღეს, ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ გამეორდეს. ამაში გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, ამაში გვჭირდება ხელისუფლების აქტიური ნაბიჯები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენც, ამ შემთხვევაში, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქმის კურსში ჩავაყენოთ, ეს ინფორმაცია მივცეთ და მხარდაჭერა მოვიპოვოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ასეთი ტიპის ნაბიჯები სამომავლოდ ვეღარ გადადგან, ან თუ გადადგამენ ამისთვის გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი", - განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა ასევე უპასუხა შეკითხვას, კიდევ რა მიმართულებით უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზთან და აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების დაცვისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა ეფექტური ნაბიჯი".

„საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ ყოველ თვე იმისთვის, რომ უშუალოდ ადამიანებს შევხვდე და მათგან გავიგო იმ უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რა დარღვევებსაც იქ ადგილი აქვს. რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, არის მონაკვეთები, სადაც უსაფრთხოება მეტად არის გაძლიერებული და დაცული, არის [მონაკვეთები], სადაც მისვლა მარტივია, ეს ახალა დამოკიდებულია კონკრეტულად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სად არიან განლაგებულები. ამ შემთხვევაში კითხვაზე უნდა იყოს თუ არა [პასუხი] მე გამიჭირდება ყოველ შემთხვევაში. ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ცდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. უსაფრთხოების დაცვისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა ეფექტური ნაბიჯი. სადაც მოსახლეობას მე ვხვდები საოკუპაციო ხაზთან ის ადამიანები, საგუშაგოზე მყოფი ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მადლიერები არიან და მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციელებმა გადაარჩინეს ჩვენი მოქალაქეები გატაცებას, მათ შორის, გატაცებულიც დაუბრუნებიათ, ასე რომ, ამ ნაწილში მათ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი ეთქმით. რაც შეეხება აქ უნდა იყოს თუ არა,[საგუშაგო, ან უსაფრთხოების ზომები მიღებული] ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×