რეზონანსი
13.11.2023

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაატაროს რეფორმები, რომ ქართველი ხალხის მისწრაფება შესრულდეს და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. განცხადებას ევროკომისია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. ეს უკვე მეორე განცხადებაა ამ კვირაში სადაც დამარცვლით ეუბნებიან "ქართულ ოცნებას", რომ მოსახლეობის ურყევ ნებას დაემორჩილოს. 

ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში კიდევ სამი ქვეყანაა ნახსენები, მაგრამ არც მოლდოვის, არც უკრაინის და არც ბოსნია და ჰერცეგოვინას შემთხვევაში ერთმანეთისგან  ხელისუფლება და მოქალაქეები არ გაუმიჯნავთ.

აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ თუ ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში დადებითი რეკომენდაცია გასცა, ეს არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის დამსახურებაა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ევროკომისია ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ვერ ხედავს.

ევროკომისიამ ღიად გამიჯნა ქართველი ხალხი და საქართველოს ამჟამინდელი პრორუსული ხელისუფლება "ქართული ოცნება", რაც ასევე დამატებით აღნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" არა სრულებს ევროპელი პარტნიორების მიერ რეკომენდებულ რიგ რეფორმებს. ცხადი ხდება, რომ "ქართული ოცნების" მიზანს რეფორმების გატარება არ წარმოადგენს ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. მათი ყოველი ნაბიჯი არის პრორუსული და ისინი პირიქით, საბოტაჟს უწევენ ევროინტეგრაციის პროცესს, - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. 

 ენმ-ს წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, ევროპელი პარტნიორების კარგად ხედავენ, რომ "ოცნების" ხელისუფლება და ქართველი ხალხი ერთმანეთს დაშორებულია. 

ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხედავენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება და ხალხის ნება ერთმანეთს დაშორებულია და "ქართული ოცნება" და ჩვენი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ის რეფორმები, რომელიც არის გასატარებელი, კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული , თუმცა ამის საპირისპიროს "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს, რომ ეს რეფორმები არ იქნეს გატარებული, რადგან ფიქრობს, რომ სასამართლო რეფორმა, დემოკრატიული რეფორმების გატარება არ წაადგება მისი ხელისუფლების შენარჩუნებას, ამიტომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ჩაწერეს, რომ ხალხის ნება, მოთხოვნები უნდა შეასრულოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ  ხალხსა და ხელისუფლებას შორის ზღვრის გავლება სიცრუე და სიბოროტეა. ალუდა ღუდუშაური ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება სწორედ მათ ინტერესშია. 

ტყუილად ნუ შეეცდებიან, ეს არის ძალიან ბოროტი საქმე, ვინც მაგალითად, იტყვის იმას, რომ თითქოს ხალხსა და ხელისუფლებას შორის ხაზია გავლებული. ვერცერთ შემთხვევაში ლობისტებზე გადახდილი ფული, რომ საკუთარ ქვეყანას არ მიეღო დადებითი რეკომენდაცია და არ მიეღო სტატუსი, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, უკვალოდ არ გაქრება და ამას ყოველთვის შევახსენებთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, რომ ცოცხებით და ხელკეტებით, ადამიანების გაუპატიურებით და პატივის აყრით, ესენი ევროპაში შეიყვანენ ჩვენს ქვეყანას? , - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

ევროკომისია საქართველოსგან 9 პირობის შესრულებას ითხოვს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დათქმა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებია.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×