რეზონანსი
17.11.2023

როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ბედი, რომ სულ ამ თხოვნაში ვართ, რომ გაყვანილი იყოს ჩვენი ტერიტორიიდან უცხოეთის ჯარები და დაგვიბრუნდეს ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ვაკის პარკში" განაცხადა, სადაც ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადების გამო ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა მემორიალთან იმყოფებოდა.

ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი „სამხედრო ცენტრის" წევრების მემორიალთან სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას 15 ქართველი სამხედროს ეროვნული გმირის ღვაწლზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც საკუთარ ისტორიას არ იცნობს, თავის ისტორიას სათანადო პატივს არ სცემს, ნელ-ნელა კარგავს იდენტობას და სულიერ ძალას.

„100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, „ვაკის პარკში", ზუსტად რომელ ადგილას, მე მგონი, არავის ახსოვს და არ არის დანიშნული ეს ადგილი, დახვრიტეს ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად საქართველოსთვის, დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩვენ გვახსოვს იუნკრების უკანასკნელი ბრძოლა, რომელსაც შემდეგ მოჰყვა თბილისში საბჭოთა ჯარების, რუსეთის ჯარების შემოსვლა და რომლის შემდეგაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, გახდა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა, მაგრამ ამას შემდგომ მოჰყვა და ჩვენ ამ ნაწილს ნაკლებად ვიხსენებთ, ამას შემდგომ მოჰყვა საზოგადოების პროტესტი. სხვათა შორის, ეს პროტესტი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებით დაიწყო, იქ იყო პირველი საზოგადოებრივი გამოსვლები და პროტესტი. ეს მუხტი იმდენად დიდი იყო, რომ იმ დროინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ 26 მაისის აკრძალვა ვერ გაბედა, პირველ წელს, 1922 წელს. შემდგომ კი, 26 მაისის არა თუ აკრძალვა, არამედ, როგორც ვიცით, ხსენებაც ნებადართული არ იყო. 1922 წელს ეს მუხტი მთელს საქართველოში გაიშალა, ჯერ დაიწყო სვანეთით, ცნობილია სვანეთის აჯანყება, შემდეგ მოჰყვა რაჭა-ლეჩხუმის პროტესტი, შემდგომ გაიშალა დიდ ქალაქებზე- თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და არა მხოლოდ. ამ დროს, პატრიარქი ამბროსი ხელაია მიმართავს გენუის კონფერენციას და იქ, საჯაროდ ითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანას. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ბედი, რომ სულ ამ თხოვნაში ვართ, რომ გაყვანილი იყოს ჩვენი ტერიტორიიდან უცხოეთის ჯარები და ჩვენ დაგვიბრუნდეს, საქართველოს დაუბრუნდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამ დროს, 1922 წელს იქმნება სამხედრო ცენტრი, ერთი მხრივ და დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელშიც შედიან იმ დროინდელი პოლიტიკური პარტიები და ეს სამხედრო ცენტრიც ამისი ნაწილი ხდება და ეს ჯგუფი ამზადებს მთავარ აჯანყებას. ეს არის ის მთავარი საფუძველი, როს გამოც აქ, ვაკის პარკში, 1923 წლის 21 მაისს, დილის 04:30 საათზე ის 15 პიროვნება, დახვრიტეს რომლებსაც დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ. მგონია, რომ ეს პიროვნებები ჩვენს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი არიან, ისინი არიან სიმბოლო იმ გაგრძელებული ბრძოლისა, რომელიც შემდეგ წლების მანძილზე გაიშალა, ამ ბრძოლის სხვადასხვა ძლიერი ეპიზოდები იყო, იმ სულისკვეთების, რომ საზოგადოებამ, თითოეულმა ქართველმა, არცერთმა არ დაკარგა იმედი, რომ დამოუკიდებლობის, თავისუფლების დრო დაბრუნდებოდა. ამიტომ, ამ ადამიანების მიმართ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ არა მხოლოდ მათ, როგორც დღეს გადავცემთ მათ შთამომავლობას ეროვნული გმირის წოდებას და ამას საზოგადოებას ვაცნობთ, არამედ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მათი სახელები ვიცოდეთ, მათი ისტორია ვიცოდეთ და რაც მთავარია, მომავალ თაობებს მათი ისტორია გადავცეთ. ქვეყანა, რომელიც რომელიც თავის ისტორიას არ იცნობს, თავის ისტორიას სათანადო პატივს არ სცემს, ნელ-ნელა კარგავს თავის იდენტობას და სულიერ ძალას. ჩვენ გვაქვს ბევრი პრეტენზია იდენტობაზე, კულტურაზე, დიდ მომავალზე და დიდ წარსულზე, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, სწორედ იმაზე, თუ რამდენად ვიცით ჩვენი ისტორია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×