რეზონანსი
20.11.2023

მამაკაცმა ბიძაშვილი გოგო ელექტროშოკით აწამა, ცომის საბრტყელებლით სცემა, შემდეგ კი გაგუდა! მოკლული 36 წლის მარიკა ბუთხუზია. დამნაშავე 42 წლის თეიმურაზ ბუთხუზი, რომლის სახლშიც მსხვერპლი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა!

თვითმხილველი მოწმე წამებით მოკლული 36 წლის მარიკა ბუთხუზის სიცოცხლის ბოლო წუთებს აღწერს. ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ბიძაშვილმა, თეიმურაზ ბუთხუზმა მოკლა. მანამდე, დამნაშავე მსხვერპლის სახლში რამდენიმე თვე ცხოვრობდა.

2023 წლის 28 აპრილი, თბილისი, ჰუალინგის დასახლება - მარიკა ბუთხუზის სახლში მის ბიძაშვილს მეგობარი ქალი აჰყავს. ნათესავები სტუმართან ერთად ვახშმობენ. ვახშმის შემდეგ, ნასვამი თემურ ბუთხუზი მარიკას მკაცრი ტონით ეუბნება, რომ საძინებელში შევიდეს და დაიძინოს. სახლის მეპატრონე საბედისწერო უარს ამბობს - ამის შემდეგ იწყება მისი ჯერ ხელით, შემდეგ კი, სხვადასხვა საგნით, რამდენიმესაათიანი ცემა და წამება. სტუმარი დახმარებას ცდილობს, თუმცა მოძალადე მასაც მკვლელობით ემუქრება.

42 წლის კაცი ბიძაშვილს 9 საათი აწამებდა და თან, სისხლიან სახეზე ფოტოებს უღებდა. ფოტო, რომელიც "კურიერი P.S.-მა" საქმის მასალებიდან სხვა უმძიმეს კადრებთან ერთად მოიპოვა, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს. კადრი მკვლელის ტელეფონიდან ამოიღეს.

„სანამ მოკვდებოდა, გააწმენდინა თემომ სისხლები. მარიკა ისეთი გათიშული იყო, არ ახსოვდა, ტილო სად იყო. მიგაყოლებ მაგასო, ხმა ვერ ამოვიღე. ჩემკენაც გამოიწია შოკით. მე სიარული არ შემეძლო, გიფსში და რკინებში ვიყავი. მერე დაბლა რომ დააგდო, ფეხი დაადგა აი, აქ [ყელში] და მოკვდი, მოკვდის ეუბნებოდა. ძალით დაახრჩო, ამოიოხრა და აღარ იყო უკვე მარიკა“, - იხსენებს მთავარი მოწმე.

ამის შემდეგ მკვლელი სისხლიან ტანსაცმელს პოლიეთილენის პარკში დებს და სახლიდან გააქვს. მთავარ მტკიცებულებებს ნაგვის ყუთში ყრის, ავიწყდება, რომ ირგვლივ სათვალთვალო კამერებია. თეიმურაზ ბუთხუზი სახლში ბრუნდება. ამ დროს, ნაწამები ქალი, სავარაუდოდ, უკვე მოკლულია. დამნაშავე 112-ში რეკავს და იტყუება, რომ დახმარება სჭირდება ქალს, რომელსაც გულის შეტევა აქვს.

ამ ზარიდან დაახლოებით 20 წუთში, მისამართზე სასწრაფო დახმარება მივიდა. ექიმებს ახალგაზრდა ქალი სხეულზე არაერთი დაზიანებით, გარდაცვლილი დახვდათ. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სავარაუდო დანაშაულის შესახებ, პოლიციას შეატყობინა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×